მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრომეურნეობა "ოდაში" ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს - როგორია მეურნეობის გეგმები?

ODASHI

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე საოჯახო აგრომეურნეობა „ოდაში“ 4 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს. როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებელი, სალომე კალანდაძე BM.GE-სთან აცხადებს, მეურნეობის განვითარების მიზნით, წარმოებაში ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავენ, რათა ადამიანური რესურსების მაქსიმალური დაზოგვა მოხდეს.

მისივე ინფორმაციით, ახალი მანქანა-დანადგარების შესაძენად, მეურნეობა საგრანტო პროგრამაში „მწვანე გურია“ იღებს მონაწილეობას. გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ახალი ტექნიკით უზრუნველყოფა წელსვე იგეგმება.

„მეურნეობა საავტომობილო გზიდან 7 კილომეტრითაა მოშორებული. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ორგანული ბოსტნეული ვაწარმოოთ. 2 წელია მებოსტნეობას ვეწევით და მომხმარებელს დაახლოებით 30-მდე სახეობის ბოსტნეულს ვთავაზობთ. ჯამში 15 ჰა მიწის ფართობი გვაქვს, რომლის ათვისებასაც სამომავლოდ სრულად ვფიქრობთ. თავად შერეული მეურნეობა 1 ჰა-ზე გვაქვს გაშენებული, რაც შეეხება ტრადიციულ ბოსტნეულს, ლობიოს ან სხვა პროდუქტებს, ისინი დანარჩენ ნაკვეთზეა გადანაწილებული და საერთო ჯამში, 5 ჰა-მდე ნაკვეთს ვითვისებთ. ფერმერული მეურნეობის მოსაწყობად, ჯამში დაახლოებით 300000 - 400000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ.

განვითარების კუთხით, ვცდილობთ, ჩვენი საწარმოო პროცესები მაქსიმალურად ისე ავაწყოთ, რომ მექანიკური გახდეს წარმოება. ანუ, შევიძინოთ ახალი მანქანა-დანადგარები, რომ ადამიანური რესურსის შემცირება მოხდეს, რომელიც ჰექტრობით ტერიტორიებს დაგვამუშავებინებს. მანქანა-დანადგარების შესაძენად, მონაწილეობას საგრანტო პროექტში „მწვანე გურია“ ვიღებთ, რაშიც ამჟამად მეორე ეტაპზე ვართ გადასული. თუ დაგვაფინანსებენ, წელსვე ვგეგმავთ ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას, სხვა შემთხვევაში ჩვენი სახსრებით, მომავალ წელს ვეცდებით ტექნიკის შეძენას. ამისათვის, სადღაც 100000 ლარზე მეტის ინვესტიციაა საჭირო.

ამასთან, გვინდა წარმოების ზრდაც. გვინდა, რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, ამიტომ ორიენტირებული არ ვართ უშუალოდ მომხმარებლების დიდი რაოდენობით ზრდაზე. გვინდა, რომ ხარისხიანი პროდუქცია შევინარჩუნოთ და იმ ადამიანებს მივაწოდოთ ჩვენი ბოსტნეული, ვინც თავიდანვე მოგვყვება. ახლაც მაგალითად ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს, უბრალოდ მომხმარებელს გაზაფხულზე ვერ ვამატებთ, რადგან ბოსტნეული არ გვყოფნის. თუმცა, როდესაც პროდუქცია ზედმეტად გვრჩება, რესტორან "ეზოში" ყოველკვირეულ ბაზრობას ვმართავთ და იქიდან გავცემთ ამანათებს. რაც ზემოდან დაგვრჩება, ან დამატებით გვექნება, ეს იქნება მჭადის ფქვილი, კვერცხი თუ სხვა სოფლის პროდუქტი, ადგილზე ვყიდით“,-აცხადებს კალანდაძე.

აგრომეურნეობის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, მეურნეობაში ძირითადად ორი დასაქმებული ჰყავთ, თუმცა პერიოდულად მოხალისეებსაც იმატებენ. მეურნეობა ერთ-ერთ საერთაშორისო ვებგვერდზეა დარეგისტირებული, მასპინძლის სახით, სადაც აღწერილი აქვთ მათი პროდუქტი და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოხალისეებს იწვევენ, რომლებიც სამეწარმეო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის, აგრომეურნეობამ მოხალისეებს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან უმასპინძლა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კალანდაძის ცნობით, წელიწად-ნახევრის პერიოდში აგროტურისტული მიმართულებით განვითარებას გეგმავენ. ამისთვის კოტეჯის ან ე.წ. გლემპინგის ტიპის განსათავსებელი სივრცის მოწყობას გეგმავენ, სადაც ერთ ჯერზე 10 ადამიანის მასპინძლობას შეძლებენ. თუმცა, მეურნეობის თანადამფუძნებელი იმასაც დასძენს, რომ გურიაში შესაბამისი საკადრო რესურსი არ მოიპოვება, რომლისთვისაც რომელიმე მიმართულების ჩაბარებას შეძლებენ. ეს კი, განვითარების პროცესების გაჭიანურებას ხელს უწყობს. ამასთან, კალანდაძე გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გზის და ელექტროენერგიის პრობლემა მათთვის მოუგვარებელი გამოწვევაა, რომელზედაც აქტიურად მუშაობენ.

ინფორმაციისთვის, 4 წლის წინ, დედაქალაქიდან ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი საცხოვრებლად წინაპრების დანატოვარ სახლში გადავიდა და მიწის დამუშავებას აქტიურად დაიწყო. ბოლო 2 წელია წყვილი მებოსტნეობას მიჰყვება და წარმოებულ პროდუქციას განსხვავებული კონცეფციით ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები