მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგრომეურნეობა „ოდაში“ შემოდგომაზე ბავშვთა კვების ხაზის დამატებას გეგმავს

ODASHI

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე აგრომეურნეობა „ოდაში“ მიმდინარე წელს, შემოდგომაზე ბავშვის ხაზს ამატებს. ამის შესახებ BM.GE-სთან აგრომეურნეობა „ოდაში“-ს თანადამფუძნებელმა, სალომე კალანდაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეუღლესთან ერთად, სოფელ ნიგოითში მებოსტნეობას უკვე მეორე წელია მიჰყვება და შერეული ბოსტნეული მოჰყავს. პროდუქციის რეალიზაციას ამერიკული მოდელით, “საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობის” საშუალებით ახდენს. კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი აგროპროდუქტების ნაკრების წინასწარი შეძენის შემთხვევაში, 8-12 სახის სეზონურ პროდუქტს, 22 კვირის განმავლობაში მიიღებს.

„პირველი მოსავლის მიღებიდან, რომელიც მაისის ბოლოს იწყება, ეს იქნება სალათის ფოთოლი, ლობიო, ფხალი და ა.შ. იდება კალათაში და მომხმარებელს სახლში ეგზავნება, ან ადგილზე მოდიან და ისე მიაქვთ. პაკეტების საფასურს წინასწარ სრულად იხდიან, ან გვაქვს თვიური გადანაწილებაც. გადახდის ტიპი მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ფასებს, პაკეტის ღირებულება 800 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს. მომხმარებლებს პროდუქცია პირველი მოსავლის დაკრეფიდან 22 კვირის განმავლობაში მიეწოდებათ.

ფერმაში ყოველ კვირას ჩავდივართ და ახლად დაკრეფილ ბოსტნეულს იმ რაოდენობაზე ვანაწილებთ, რამდენ ადამიანსაც აქვს ჩვენი პროდუქცია შეძენილი. 96 ფიზიკურ პირს ვამარაგებთ, მაშინ როცა გასულ წელს 60 მომხმარებელი გვყავდა, ანუ ტენდენცია მზარდია. პირველები ვართ, ვინც ასეთი ტიპის გაყიდვის ტიპი დანერგა. ასეთი რეალიზაციის ტიპი ამერიკასა და ევროპაში ძალიან პოპულარულია. აღნიშნული ფერმერებს წარმოებაში ეხმარებათ. გვეხმარება, რომ დავიქირაოთ მუშახელი, შევიძინოთ სათესლე მასალა და ა.შ.

პროდუქტის რეალიზაციას რეგისტრაციის საფუძველზე ვახდენთ. პოტენციურ მომხმარებლებს სარეგისტრაციო ფორმას ვუგზავნით, რითაც მათთვის სასურველ პაკეტს ყიდულობენ. თუმცა ეს არა რის მხოლოდ რეგისტრაცია, ეს არის კომუნას ტიპის გაერთიანება, სადაც ადამიანები უკუკავშირსაც გვიწერენ. რაც კარგია, რადგან საშუალება გვაქვს, რომ პროდუქტი დავხვეწოთ და ხარვეზები გამოვასწოროთ.

ძალიან დიდი მოთხოვნაა ბავშვთა კვებაზე. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ შევიმუშაოთ ბავშვების კვებისთვის გათვალისწინებული პაკეტი, რომელიც გააერთიანებს სტაფილოს, ყაბაყს, ქეილს (კომბოსტოს სახეობა). სადღაც ოქტომბრიდან, დაახლოებით 10 -კვირიან პაკეტის შეთავაზებას ვფიქრობთ, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 600 ლარი იქნება“,- აცხადებს კალანდაძე.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი ბაზრისთვის ნაცნობი ბოსტნეულის თესლით, ეს იქნება კიტრი, პომიდორი თუ სხვა ბოსტნეულის თესლს ერთ-ერთი კომპანიისგან ყიდულობენ, რომელსაც საუკეთესო ჰოლანდიური თესლი აქვს. რაც შეეხება განსხვავებულ ბოსტნეულს, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვის ნაკლებად ცნობილი პროდუქტია, მას ფრანგული ბიო საიტიდან იწერენ. კალანდაძე ასევე აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ გარკვეული პროდუქცია ადგილობრივად ცნობილი არ არის, ქართულ ნიადაგზე მაინც კარგად ხარობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები