აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ბაზარზე Harvest-ის ბრენდით ოპერირებს, მიმდინარე წელს წარმოების ზრდას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელმა თამარ ბერულავამ BM.GE-სთან განაცხადა, რომ 2026 წელს მოსალოდნელი საერთო მოსავალი დაახლოებით 1 მილიონ 440 ათასი კილოგრამი იქნება.
„გასულ წელს უფრო მეტი მოსავალი მივიღეთ, რასაც ვგეგმავდით. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობები არ იყო ისეთი, როგორიც ბაღს უხდება, მაინც მოლოდინები გამართლდა. საფასო კატეგორიაც იყო საშუალოზე მაღალი და დამაკმაყოფილებელი.
რაც შეეხება წლევანდელ წელს, ბაღში კონკრეტული ჯიშები სრულ მსხმოიარობაში შედის, შესაბამისად მოლოდინი ძალიან პოზიტიურია. მაგალითად, გარგარის მოსავალი დაახლოებით 100 ტონას მიაღწევს, ატმის – 200 ტონას, ბრტყელი ატმის – 240 ტონას, ხოლო ვაშლის – შედარებით მაღალი, დაახლოებით 850 ტონის მოცულობაა მოსალოდნელი. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს ინოვაციურად გვექნება ბლის პირველი მოსავალიც, რომელიც ჩვენი გათვლებით დაახლოებით 43 ტონას შეადგენს. ჩვენი ბალი გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით – ბაღში წარმოდგენილია ესპანეთიდან ჩამოტანილი ჯიშები და თავად ბაღიც ესპანური მოდელისაა“, – ამბობს ბერულავა და დასძენს, რომ პროდუქტი მაღალი ფასის სეგმენტში პოზიციონირდება.
კომპანია წელს პირველად ქლიავის მოსავალსაც მიიღებს: „დაახლოებით 30 ტონა ქლიავის მოსავალს ველოდებით და პირველად დავაგემოვნებთ ჩვენი ბაღის ქლიავს“. გარდა ამისა, კომპანიას ექნება მსხლისა და ნუშის წარმოებაც.
გარდა წარმოების ზრდისა, ბერულავას თქმით, 2026 წელს ფასების ზრდაც მოსალოდნელია. მისი ინფორმაციით, ფასების კორექცია 3-5%-ის ფარგლებში იქნება. "წელს, ჩვენი გათვლებით 3-5%-იან ზრდას ველოდებით. წინა წლებმა გვაჩვენა, რომ დაახლოებით ამ მოცულობით იზრდება ფასები", - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ბაზარზე მუშახელის ნაკლებობაა.
"რთულია ისეთი ადამიანის მოძიება, რომელსაც დავასაქმებთ. ამის პარალელურად, წელს, წინა წელთან შედარებით მუშახელის დღიური ხელფასი 10%-ით გავზარდეთ. ამჟამად, მეურნეობაში 15-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, ხოლო სეზონურად 20 მუდმივი თანამშრომელია საჭირო, ხოლო ხილის აღების დროს კიდევ 20 მუშას ვიმატებთ", - ამბობს თამარ ბერულავა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, 2026 წელს კომპანია ახალ პროექტებს არ გეგმავს, თუმცა წელს პირველად ამუშავდება 600-ტონიანი მაცივარი. „წელს პირველად ჩვენს მაცივარში მოსავალს შევინახავთ. ეს იქნება სატესტო რეჟიმი“, - აცხადებს ბერულავა.




























