აგრარული განათლების ციფრულ პლატფორმა AgroSkills.ge-ს ხუთი ახალი ვიდეო კურსი დაემატა, რომლებიც მწვანე უნარებსა და მდგრადი განვითარების მიმართულებებს მოიცავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების კოორდინატორმა თამუნა გომიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი კურსები ფერმერებს პრაქტიკულ ცოდნას მისცემს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ციფრული აგრომეურნეობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები, სერტიფიცირება და სტანდარტიზაცია, ასევე მწვანე ბიზნესმოდელი და მწვანე დაფინანსების მოპოვების გზები.
"შემუშავდა ხუთი ახალი ვიდეო კურსი. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ციფრული აგრომეურნეობა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები, სერტიფიცირება და სტანდარტიზაცია და მწვანე ბიზნესმოდელი, რაც გულისხმობს დეტალურად, როგორ უნდა მიიღოს ფერმერმა მწვანე დაფინანსება", - აღნიშნა თამუნა გომიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, AgroSkills-ზე ამ ეტაპზე 12 სასწავლო კურსია ხელმისაწვდომი და რეგისტრაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
"ამ ეტაპზე გვაქვს 12 მიმდინარე კურსი AgroSkills-ზე, დარეგისტრირება არის უფასო და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის. რადგან თითქმის ყველა აგრარულ სექტორს ვფარავთ, აუცილებლად იპოვის აგრარული პროფესიული განათლებით დაინტერესებული ადამიანი მისთვის საინტერესო თემატიკას", - განაცხადა მან.
თამუნა გომიაშვილის განმარტებით, პლატფორმა პანდემიის პერიოდში შეიქმნა და სხვა ონლაინ სასწავლო სივრცეებისგან იმით გამოირჩევა, რომ თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს : "ჩვენი პლატფორმა სხვა სასწავლო პლატფორმებისგან ზუსტად ამით განსხვავდება, რომ პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს, სადაც ინსტრუქტორები უშუალოდ, დემონსტრაციულად აჩვენებენ აუდიტორიას, რა როგორ კეთდება", - ამბობს ის.
Agroskills.ge არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აგროსექტორით დაინტერესებულ ადამიანებს თანამედროვე სასწავლო კურსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს. პლატფორმა GFA Digital-ის ერთ-ერთი პროექტია და მისი მიზანი დარგში ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა.




























