მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა: ნაკლები "უფასო ფული" და მეტი ბიუროკრატია?|ბექა გონაშვილის ანალიზი

ბექა გონაშვილი

კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელ ბექა გონაშვილის შეფასებით, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამამ“, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის დარგში „გამვლელი ინვესტორების“ რიცხვი შეამციროს, რასაც მიესამლება. ამასთან, ფერმერი შიშობს, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ გაუქმება და დარგის სპეციფიკის ერთიან ჩარჩოში მოქცევის მცდელობა სოფლის მეურნეობას ინვესტორებისთვის, გარკვეულწილად“ მიმზიდველობას დაუკარგავს. გარდა ამისა, ბექა გონაშივილი ახალ მოდელში გარკვეულ რისკებსაც ხედავს, რაც „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვისთვის გაზრდილ ბიუროკრატიულ ეტაპებს და ჩინოვნიკების კომპეტენციას უკავშირდება.

საქმე ის არის, რომ როგორც ცნობილი გახდა, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე აგროპროგრამებს ჩაანაცვლებს, პოტენციურ ბენეფიციარს სოფლის განვითარების სააგენტოში 4 ეტაპის გავლა მოუწევს: პირველი - ფერმერული მეურნეობების რეესტრში რეგისტრაცია; მეორე - განაცხადის ელექტრონული ფორმის შევსება; მესამე - "ბიზნესგეგმის" წარდგენა; მეოთხე - შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ ამჟამად, „შეღავათიან აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, 1-ელი ივლისიდან, განახლებული „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, ბანკი/საფინანსო ინსტიტუტი საერთოდ არ ჩანს.

რა იცვლება აგრობიზნესისთვის „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედებით და რამდენად შეუწყობს ხელს ახალი თუ რებრენდირებული პროგრამა ქართული სოფლის მეურნეობის ბიზნესად ქცევას ანუ დაიხარჯება თუ არა - გადასახადების გადამხდელების ფული უფრო ეფექტიანად - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „აგროქიზიყის“ დამფუძნებელს, მეწარმე ბექა გონაშვილს დავუსვით. ფერმერმა ინტერვიუში ვრცლად გააანალიზა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ როგორც შესაძლო დადებითი მხარეები, ისე რისკები, რამაც შესაძლებელია, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ახალი პროგრამის პრაქტიკაში დანერგვისას იჩინოს თავი.

„საბანკო ფილტრის“ გაუქმება სახელმწიფო აგროპროგრამებში - რისკები

ბექა გონაშვილსაც რჩება შთაბეჭდილება, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა“, რომლითაც სახელმწიფო ბენეფიციარს კრედიტის პროცენტს უსუბსიდირებდა, უქმდება.

„სტრუქტურულად, "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“ ბანკის ადგილი პირდაპირ აღარ არის, თუმცა პროექტი უშვებს იმას, რომ საწყისი თანამონაწილეობის თანხა, რითაც საქმიანობას იწყებთ, შეიძლება კრედიტით მოიზიდოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ თვითონ უნდა დახარჯოთ თქვენი ფული, განახორციელოთ პროექტი - მაგალითად, ააშენოთ ფერმა ან გააშენოთ ბაღი და შესაბამის დოკუმენტაციას უკვე ამის შემდეგ აბარებთ სოფლის განვითარების სააგენტოს. ამის მერე სახელმწიფო დაგიბრუნებთ თანხას, რომელიც პროექტის ღირებულების ნახევარია, თუმცა არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა. რამდენადაც ვიცი, ამ ახალ მოდელში აღარ მოიაზრება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა კლასიკური გაგებით. ჯერ მიდიხართ სააგენტოსთან, წარადგენთ ბიზნესგეგმას და ატვირთავთ დოკუმენტაციას. მას შემდეგ, რაც დაგიდასტურებენ, რომ „მოგყვებიან“, მხოლოდ ამის მერე მიდიხართ ბანკთან (სესხისთვის) ან იღებთ საკუთარ დანაზოგს, ხარჯავთ მას და ბოლოს სახელმწიფო გიბრუნებთ შესაბამის წილს“, - განმარტა ფერმერმა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებით, ბექა გონაშვილის კითხვების ნაწილი სწორედ ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობას ეხება. ის ვარაუდობს, რომ სოფლის მეურნეობაში დღეს ძირითადად არა - „ხელებდაკოჟრილი ფერმერები“, არამედ სხვა ბიზნესიდან მოსული ინვესტორები არიან და თუ სახელმწიფო „იაფ აგროკრედიტს“ (სადაც 14%-ის ნაცვლად ფერმერი 3%-ს იხდიდა) გააუქმებს, დარგი გარკვეულწილად მიმზიდველობას დაკარგავს.

„თუ ეს ხიბლი მოიშალა, ადამიანი დაფიქრდება: ჩავდო ფული სოფლის მეურნეობაში თუ ბიტკოინი ვიყიდო ან ლილოში დუბაიდან ერთი კონტეინერი საქონელი ჩამოვიტანო?! როდესაც საქართველოში ფული ძვირია, შენ გიჩნდება კითხვა - წავიდე ისეთ საქმეში, რომელიც კი, მგონია რომ კარგია, მაგრამ არც ბოლომდე დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა მან, მაგრამ ფერმერი ამ სცენარში მხოლოდ უარყოფით შედეგს არ ხედავს.

„მოდით, საკითხს მეორე მხრიდანაც შევხედოთ – ამ მოდელს შეუძლია, გარკვეულწილად, ე.წ. „ფილტრის“ როლიც შეასრულოს. ამას შეიძლება პირიქით, დადებითი ეფექტი ჰქონდეს იმ კუთხით, რომ „გამვლელი კაცი“/ინვესტორი ამ საქმეში ფულს აღარ ჩადებს. შესაბამისად, ადამიანი იძულებული იქნება, საკითხი კარგად შეისწავლოს და მეტი ცოდნა დააგროვოს“, - აღნიშნა გამოცდილმა ფერმერმა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ - ხომ არ იზრდება ბიუროკრატიული ლაბირინთები?

გამომდინარე იქიდან, რომ ბექა გონაშვილი გარკვეული პერიოდი „საქართველოს ბანკში“ აგროკრედიტების მიმართულებით მუშაობდა, #წერტილის წამყვანმა ჰკითხა - რამდენად ჯანსაღია პროცესი, როცა „ბიზნესგეგმას“ ჯერ ჩინოვნიკი იწონებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს ბანკი, რაზედაც მეწარმემ განაცხადა, რომ მისი კითხვების ძირითადი ნაწილი, სწორედ ამ საკითხს შეეხება.

„სიმართლე გითხრათ, ჩემი ძირითადი შენიშვნები სწორედ ამ მიმართულებით არის ანუ ვინ უნდა შეაფასოს ბიზნესგეგმები და პროექტები?! ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ იარსებებს ე.წ. „ჩეკლისტები“ (აღრიცხვის ფურცლები), რათა პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს და ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ საკითხავია, ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს?! როგორც ვიცი, ამაში ჩართულია საკონსულტაციო კომპანიები (მაგალითად, BDO)... კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება შემფასებელი. სამწუხაროდ, ქვეყანაში კომპეტენციის დეფიციტია როგორც კაბინეტებში, ისე - მინდორში. ამდენად, თუ პროექტებს ადამიანები აფასებენ, ჩნდება კითხვა - რამდენად სწორად და ობიექტურად მოხდება ეს და რამდენად გაიწელება პროცესი დროში? სწორედ ეს ბუნდოვანი საკითხები, ვფიქრობ, ძალიან გაართულებს პროგრამის განხორციელებას.

ამასთან, ეჭვი მეპარება, რომ შესაძლებელია სოფლის მეურნეობის მსგავსი რთული და დინამიკური დარგი ერთიან სისტემურ ჩარჩოში მოვაქციოთ ისე, რომ ის ყველა ბიზნესს მოერგოს. დარგი იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ მისი ერთ ფორმატში მოქცევა შეუძლებლად მეჩვენება. მომავალი გვაჩვენებს, როგორ იმუშავებს ეს პრაქტიკაში, მაგრამ ჩემი სკეპტიციზმი რჩება: სხვადასხვა კულტურას განსხვავებული სპეციფიკა, პრობლემები და ბიუჯეტი სჭირდება. ვიღაცისთვის 2 მილიონი შეიძლება ზედმეტიც იყოს, სხვისთვის კი – სრულიად არასაკმარისი დარგში რეალური ცვლილებისთვის“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ - ხომ არ იზრდება კორუფციის რისკები?

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელიდან გამომდინარე, რადგან საფინანსო ინსტიტუტის რგოლი, როგორც ფილტრი „ქრება“, ბექა გონაშვილს „წერტილში“ კითხვები კორუფციის რისკების შესაძლო ზრდაზეც დავუსვით, თუმცა ფერმერმა მთავარი აქცენტი მაინც პროექტების კომპეტენტურად შეფასების მნიშვნელობაზე გააკეთა.

„მინახავს ბევრი პროექტი, სადაც თავგადაკლულ ოპოზიციონერებსაც აქვთ დაფინანსება მიღებული, მაგალითად, პროგრამიდან „დანერგე მომავალი“... პრობლემა სხვა რამეშია: ვინ იღებს დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას [ბიზნესგეგმის დაფინანსებასთან დაკავშირებით] და რამდენად აქვს ამ ადამიანს შესაბამისი ცოდნა? მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავად მაქვს გამოცდილება – ორი-სამი წლის წინ მეცხოველეობის მიმართულებით ე.წ. „ფილტრი“ დაწესდა. მე ამის ინიციატორიც ვიყავი, რადგან მიმაჩნია, რომ ფილტრი აუცილებელია, თუმცა თავადვე შევეჩეხე ბიუროკრატიულ სირთულეებს. საბუთებზე სირბილი იმდენად გაიზარდა, რომ საქმის კეთებას აფერხებს. ისიც მესმის, რომ თუ მეხორცული მიმართულების საქონელი შემოგყავს, მაგრამ საძოვარი და შესაბამისი ბაზა არ გაქვს, წინასწარვე განწირული ხარ. ამიტომ, სახელმწიფოებრივი ფილტრი საჭიროა, ოღონდ ის საქმეს კი არ უნდა აჩერებდეს, არამედ რეალურ რისკებს აზღვევდეს“, - განაცხადა ფერმერმა.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ - მთავრობა ნაკლებ ფულს დახარჯავს?

მთავრობა სოფლის მეურნეობაში უფრო ნაკლები ფულის დახარჯვას აპირებს? - ბექა გონაშვილის „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ გაანალიზებისას BMG-მ ეს კითხვაც დაუსვა.

„რთული სათქმელია. თუ პროგრამა ამ რედაქციით დარჩება, შედეგს დავინახავთ, თუმცა ითქვა ისიც, რომ ბევრი რამ შეიძლება კიდევ შეიცვალოს. თუ სურვილი იქნება ის, რომ ნაკლები ფული დაიხარჯოს, დახარჯავენ ნაკლებს; თუ იტყვიან, რომ მოდი, ახლა ბევრი ფული დავხარჯოთ, დახარჯავენ ბევრ ფულს“, - აღნიშნა ფერმერმა.

წარსულის გაკვეთილები: „მავნებლობა“ და წყალში გადაყრილი მილიონები"

„წერტილთან“ ინტერვიუში ბექა გონაშვილმა ღიად ისაუბრა იმ შეცდომებზეც, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, მხოლოდ ფულის გაცემა არ ნიშნავს დარგის განვითარებას.

„იყო სანერგეების კომპონენტი „დანერგე მომავალში“ - ეს იყო სუფთა წყალში გადაყრილი ფული და სუფთა მავნებლობა! გავრცელდა უამრავი დაავადება არასპეციალისტების მიერ. თუ სახელმწიფო ამას არ ჩაკეტავს და არ იტყვის, რომ მხოლოდ „ტოპ“ კომპანიებისგან უნდა მოხდეს ნერგის ან საქონლის შემოყვანა, შედეგი იგივე იქნება“, - აღნიშნა მან.

ამდენად, მიუხედავად ბევრი კითხვის ნიშნისა, ბექა გონაშვილი სახელმწიფო პროგრამის ახალ მოდელში დადებით მხარეებსაც ხედავს - „წერტილთან“ ინტერვიუში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დარგში „უფასო ფულის“ მსურველების რიცხვი, შესაძლოა, შემცირდეს.

„ამ პროგრამას შეუძლია ერთგვარი ფილტრის როლი შეასრულოს - გამვლელი კაცი ამ საქმეში ფულს აღარ ჩადებს. თუ ფილტრი იმუშავებს იმაზე, რომ ფული მიიღოს მან, ვისაც მართლა საქმის გაკეთება შეუძლია და ცოდნა გააჩნია, ამას მივესალმები, თუნდაც პორტფელი შემცირდეს - ნუ იქნება 100 მილიონი, იყოს 50 მილიონი, ოღონდ ხარისხიანად და ეფექტიანად დაიხარჯოს“, - განაცხადა აგრომეწარმემ.

„წერტილი დავუსვათ არაკომპეტენტურობას“

ბექა გონაშვილის მთავარი გზავნილი სახელმწიფოსა და კოლეგების მიმართ მკაფიოა: პროგრამის სახელი და ბიუჯეტის მოცულობა მეორეხარისხოვანია, თუ ქვეყანა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას არ ააშენებს.

„არაკომპეტენტურობას წერტილი უნდა დაესვას მინდორშიც და კაბინეტებშიც; განსაკუთრებით მაშინ, როცა არაკომპეტენტური ადამიანები სხვებს ასწავლიან და ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნიან“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები