კომპანია SST-ის მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ერაძემ, BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების როლსა და მათ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იმ ფერმერებმა, რომლებმაც წარმოებაში ინოვაციური მიდგომები დანერგეს, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების კუთხით.
ირაკლი ერაძის განმარტებით, აგროტექნოლოგიების დანერგვა პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ თეორიული დაშვება, არამედ პრაქტიკული მონაცემებით დადასტურებული ფაქტი:
„ჩვენს კლიენტებთან ჩატარებული კვლევების მიხედვით, ზოგადი სურათი ასეთია, ის ფერმერები, რომლებმაც სამი-ოთხი წლის წინ დაიწყეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის საირიგაციო სისტემები, მეტეოსადგურები და სხვა საშუალოდ 1.5-ჯერ ზრდიან პროდუქციის წარმოებას. თუმცა ეს მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის. პარალელურად, მათ შეიძინეს ახალი ცოდნა და მათი აგრონომები ბევრად უფრო მოთხოვნადები გახდნენ ბაზარზე.“
SST-ის მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების მთავარი უპირატესობა რესურსების ზუსტი მართვაა, რაც ფერმერს ზედმეტი დანახარჯებისგან ათავისუფლებს. მან კონკრეტული მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ ეხმარება მონაცემები ფინანსურ ეფექტიანობას.
„ტექნოლოგიების დახმარებით ფერმერებმა ზუსტად იციან, როდის და რა მოცულობით უნდა ჩატარდეს შეწამვლა. მაგალითად, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით 12 000 ლარის საწვავი დაზოგა, რადგან უარი თქვა გეგმიურ შეწამვლაზე და გადავიდა ტექნოლოგიების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომაზე. გარდა ამისა, ნაკლებად იყენებენ ქიმიურ საშუალებებს, რაც პროდუქციას უფრო ხარისხიანს და ჯანსაღს ხდის".
ერაძე ხაზს უსვამს, რომ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია კომპლექსური პროცესია და ის მხოლოდ ტექნიკური მოწყობილობების დამონტაჟებით არ შემოიფარგლება.
„პროდუქტიულობას პირდაპირი კავშირი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამ შემთხვევაში მხოლოდ სენსორებსა და მეტეოსადგურებს არ ვგულისხმობ. აქ შედის თანამედროვე ჯიშების დანერგვა, საირიგაციო სისტემების სწორი ინტეგრაცია, შემდგომი მონიტორინგი და მათი ეფექტიანი გამოყენება. რაც უფრო მეტი ტექნოლოგია და ინვესტიცია შემოდის, განსაკუთრებით დასავლეთიდან, მით მეტად იზრდება ცოდნა.“
მისივე თქმით, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ ქართულმა სოფლის მეურნეობამ დაბალი პროდუქტიულობის პრობლემა დაძლიოს და რეგიონულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.
ერაძემ შეაფასა Galt&Taggart-ის ბოლო კვლევაც და აღნიშნა, რომ პრობლემების აქტუალობა, განსაკუთრებით დაბალ პროდუქტიულობასთან დაკავშირებით, ზუსტად არის დანახული.
აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთ ჰექტარზე ხილის მოსავლიანობა 4.8 ტონას შეადგენს, მაშინ როდესაც რუსეთში პროდუქტიულობა ჰექტარზე 10 ტონაა; უკრაინაში 11; სომხეთში კი 11.4 ტონა; ევროკავშირის საშუალო კი 11.7 ტონას შეადგენს. რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს საქართველოში ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობაა 2.8 ტონა; მაშინ როდესაც აზერბაიჯანში 3.4 ტონაა; თურქეთშიც 3.4 ტონა; უკრაინაში 5.1 ტონა; ევროკავშირში კი 5.2 ტონა. ბოსტნეულის შემთხვევაში საქართველოში საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე არის 11.1 ტონა; უკრაინაში 20.5 ტონა; რუსეთში 29.8 ტონა; აზერბაიჯანში 31.1 ტონა; სომხეთში 35.6 ტონა; თურქეთში კი 42.3 ტონა.




























