მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აღსრულება მორიგებით: „მაესტრომ“ 26 ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო

605b433731336
BM.GE
24.03.21 18:15
3226
შპს „სტუდია მაესტრომ“ 26 ყოფილი თანამშრომლისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო.

საქმე ისაა, რომ BMG-ისა და „მაესტროს“ შორის არსებული 4.5-წლიანი შრომითი დავა 2021 წლის 3 თებერვალს დასრულდა. საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა. 1-კვირიანი მედიაციის შედეგად, 26 კრედიტორი კომპენსაციის 1-წლიან განწილვადებაზე დათანხმდა. შპს „სტუდია მაესტრომ“ თანხის პირველი ტრანში დღეს, 24 მარტს ჩარიცხა.

“მაესტროს“ 26 თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტები რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა იცავდნენ.

დასაქმებულებმა ყოფილ დამსაქმებელს შრომითი დავა სამივე ინსტანციაში მოუგეს.

„საბოლოოდ დავასრულეთ ძალიან დიდი ხნის დავა, რომელიც სამივე ინსტანციაში 4.5 წელი გაგრძელდა. დაკმაყოფილდა 26 თანამშრომლის მოთხოვნა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ „მაესტრომ“ თავისი ნებით და ინიციატივით არ შეასრულა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოგვიწია გვედავა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. დიდი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ  მივაღწიეთ შეთანხმებას - კრედიტორები „მაესტროს“ განწილვადებაზე დათანხმდნენ. ბუნებრივია, ველოდებით სააღსრულებო შეთანხმების პირნათლად შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას, რათა კრედიტორების ინტერესები სრულად იქნას დაცული“, - აცხადებს ადოკატი თამარ სურმავა.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯმენტმა 27 თანამშრომელი სამსახურიდან 2016 წლის 14 ივნისს გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა სარჩელი უკან გაიტანა.

სასამართლომ ბათილად ცნო შპს “სტუდია მაესტროს” მიერ თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანებები და კომპანიას ყოფილი თანამშრომლების მიმართ კომპენსაციის სახით ერთი წლის სრული ხელფასის, სახელფასო დავალიანების და ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, რომელიც 2016 წლიდან იანგარიშება და თითოეულ დღეზე ყოფილი თანამშრომლების ერთი თვის ხელფასის 0.07%-ს შეადგენს.

BMG მადლობას უხდის „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ იურისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები