გთავაზობთ აგვისტოს თვის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:
2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, 7 თვეში 8%-ით
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის თანახმად, ბიზნეს სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ ივლისში 16 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 9.2%-ით არის გაზრდილი.
2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში.
ივლისში ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა
საქსტატის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა. ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. ასევე 9.5%-ით გაიზარდა ფასები ჯანდაცვის სექტორში. უფრო დეტალურად ფასების ცვლილება ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5%), ზეთი და ცხიმი (17%), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6%), თევზეული (9.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (8.5%), ხილი და ყურძენი (8.2%ი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5%);
2025 წლის 7 თვეში საქართველოს ექსპორტი 3.9 მილიარდამდე გაიზარდა - ქვეყნების სტატისტიკა
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით 14 მლრდ 155 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აქედან 7 თვეში ექსპორტი 3 მილიარდ 845 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 310 დოლარი, ამ შემთხვევაში წლიური ზრდა 10.8%-ია.
2025 წლის იანვარ-ივლისში TOP-10 საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.9% დაიკავა. ისევე როგორ წინა პერიოდებში, ექსპორტის დიდი ნაწილი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის და აქედან გამომდინარე საექსპორტო გეოგრაფიაში ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი ლიდერობენ. ამასთან, წელს 7 თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტი შემცირდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ანუ მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ექსპორტის მიხედვით უმსხვილესი პარტნიორები არიან. TOP-10 ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- ყირგიზეთი - $815.5 მლნ, ზრდა - 38.8%;
- ყაზახეთი - $494.7 მლნ, ზრდა - 10.8%;
- რუსეთი - $411.9 მლნ, ზრდა - 1.4%;
- აზერბაიჯანი - $400.2 მლნ, კლება - 0.1%;
- სომხეთი - $290 მლნ, კლება - 16.1%;
- თურქეთი - $196 მლნ, კლება - 31.6%;
- ჩინეთი - $185 მლნ, ზრდა - 5.3%;
- ბულგარეთი - $108 მლნ, ზრდა - 166.6%;
- უზბეკეთი - $103.9 მლნ, ზრდა - 56.5%;
- შვეიცარია - $66.1 მლნ, ზრდა - 7.8%.
საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რიცხვი შემცირდა
საქართველოში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავალი შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 7 თვეში ქვეყნის გზებით 277 058 საერთაშორისო სატვირთო ავტომობილმა ისარგებლა, მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ კი 96.970 მლნ ლარი შეადგინა.
წლიურად, ბიუჯეტში გადახდილი გზათსარგებლობის გადასახადი 5.8 მილიონი ლარით ანუ 6%-ით არის შემცირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოს გზებით თითქმის 17 000-ით ნაკლებმა ტრაილერმა გაიარა.
2025 წლის 7 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს
2025 წლის 7 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 1.82 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში აღნიშნული თანხა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მოგებასთან შედარებით 75 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 7 თვეში 922 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 8%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 686 მილიონი ლარით, რაც წლიურად 0.4%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 74 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 41 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს".
ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების ათვისება გეგმას ჩამორჩება
მიმდინარე წელს, „ქართული ოცნების“ მთავრობა უცხოეთიდან 600 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში ₾74 მლნ ჩამოირიცხა. ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 7 თვის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ - 24.7%.
"ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები“ ნაწილია 1,825,850,000 ლარის საგარეო ვალის, რომლის სესხებაც წელს მთავრობას აქვს დაგეგმილი. გარდა ამისა, საგარეო ვალი/ვალდებულებები მოიცავს საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იღებს და ხაზინის მონაცემებით, 7 თვეში ბიუჯეტში 427,176,085 ლარი ჩამოირიცხა, რაც წლიური გეგმის (1,225,850,000 ლარი) 34.8%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის (818,752,982 ლარი) – 52.5%. მთლიანობაში, იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის სახით 501,424,322 ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 27.5%-ია, ხოლო ცხრა თვის გეგმის მიმართ შესრულება 44.8%-ია.
საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის აპელაცია წააგო
საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.
საქართველოს ბანკების საკრედიტო პორტფელი 66 მილიარდ ლარს აღწევს - წლიური ზრდა 15%-ია
კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ივლისის ბოლოსთვის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 66.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.29%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. სესხების ეს მოცულობა წლიურ ჭრილში 15%-ით არის გაზრდილი. ამასთან, ივლისში სესხებში ლარის წილი 0.69 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 57.61%-ს მიაღწია.
ეროვნული ბანკის თანახმად, ივლისში წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 388.70 მლნ ლარით (1.03%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 511.03 მლნ ლარით (1.79%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.68%-ით).
საქართველოში გაცემული ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა შემცირებულია
2025 წლის იანვარ-ივლისში ქართულმა ბანკებმა სულ 28,579 ახალი იპოთეკური სესხი გასცეს. კრედიტების ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.5%-ით, ანუ 4,076-ით არის შემცირებული. თუმცა, იმის გამო რომ წელს უძრავი ქონების ღირებულება გაზრდილია, ამ სესხების მთლიანი პორტფელი 3.5%-ით არის გაზრდილი, რადგან მისი ჯამური ღირებულება 2.44 მილიარდ ლარს შეადგენს (მატება 83 მილიონი ლარი).
ამასთან, 2025 წლის ივლისის განმავლობაში გაცემული იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში 13.08%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.28 პროცენტული პუნქტით მეტია.
S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P- მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. სააგენტო წერს, რომ მოსალოდნელზე ძლიერი იმპულსის გათვალისწინებით, მშპ-ს წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.1%-მდე გაზარდეს. თუმცა S&P-ის პროგნოზით, ზრდა 2026 წელს 5.2%-მდე და 2027 წელს 4.7%-მდე შენელდება, რადგან მოხმარება ნორმალიზდება და ინვესტიციები კი შესუსტდება. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს წინაშე არსებული რისკები ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა.
S&P Global-ი წერს, რომ შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო და გავლენა მოახდინა საქართველოს ურთიერთობებზე როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. 2024 წლის შუა პერიოდში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, ასევე დროებით შეჩერდა ფინანსური დახმარებაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედებაც იყო. ანალოგიურად, 2024 წლის ბოლოს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და დააწესა მიზნობრივი სანქციები „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში მყოფ პირებზე. 2025 წლის მაისში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ორპარტიული MEGOBARI აქტი, რომელიც ამოქმედების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური ზომების ჩარჩოს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუქცევისთვის არიან პასუხისმგებელნი.
მობილურმა ოპერატორებმა 2025 წლის 6 თვეში 438 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს
2025 წლის 6 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 438 მილიონი ლარი გადაიხადა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 26 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,756,274-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 172,000 აბონენტის მატებას ნიშნავს.
2025 წლის იანვარ-ივნისში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- მაგთი - 206,534,442 ლარი, 2,361,432 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-ივნისში 5.4%;
- სილქნეტი - 154,195,437 ლარი, 2,041,811 აბონენტი, ბაზრის 35.5%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 6.2%;
- სელფი მობაილი - 76,936,360 ლარი, 1,334,723 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-ივნისში 8.9%.
2025 წლის 6 თვეში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა
კომპანიის მმართველობითი ანგარიში ცხადყოფს, რომ 6 თვეში რკინიგზით 6.3 მილიონამდე ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა. წლიურ ჭრილში 9%-ით, 3.2 მლნ ტონამდე შემცირდა ტვირთის მოცულობა წლის მეორე კვარტალშიც.
წელს, იანვარ-ივნისში ტრანზიტული ტრანსპორტირების წილი გადაზიდული მთლიანი მოცულობის 59% შეადგენდა. კერძოდ, “საქართველოს რკინიგზა” წელს 3.7 მლნ ტონა ტრანზიტულ ტვირთს მოემსახურა, კლება კი 10.6%-ი იყო.
სარკინიგზო კომპანია მიუთითებს, რომ ტრანზიტულ ტვირთებში გადაზიდვის 11%-იანი შემცირება, ძირითადად, ყაზახეთიდან გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. კლება 478.3 ათასი ტონა იყო.
ბათუმი-სარფის 11.3-კილომეტრიანი ახალი გზის და 7.6-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობის ზედამხედველობის ტენდერი გამოცხადდა
საქართველო თურქეთს ახალი მაგისტრალით დაუკავშირდება. ზღვის სანაპიროს მომიჯნავედ არსებული გზა ჩანაცვლდება ახალი ასფალტ ბეტონის 11.3 კილომეტრის სიგრძის გზით, რომელიც მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას. ახალი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება 7.6-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც დასახლებულ პუნქტებს გვერდს აუქცევს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების თაობაზე. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას ითვალისწინებს და მისი სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ დოლარს შეადგენს.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ზედამხედველობის მომსახურების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები ინგლისურ ენაზე აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის მეშვეობით არაუგვიანეს 2025 წლის 22 სექტემბრისა უნდა წარადგინონ.
“კონკურენცია არ იზღუდება” - ეროვნული ბანკი “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთის” შესყიდვაზე
ეროვნული ბანკის შეფასებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შესყიდვა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ეფექტის მქონე არ იქნება. ამის შესახებ სებ-ის კონკურენციის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.
"წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს,"- ნათქვამია შეფასებაში.
სადაზღვევო სექტორის შედეგები - 2025 წლის პირველ ნახევარში მოზიდული პრემია 802 მილიონ ლარამდე გაიზარდა
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით, 30 ივნისის მდგომარეობით 19-მა სადაზღვევო კომპანიამ 802 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 90 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე წინა წლის 6 თვეში.
მოზიდული პრემიის მიხედვით კომპანიებს შორის პირველ ადგილზე 148 მილიონი ლარით "ჯიპიაი ჰოლდინგია". რეიტინგში მეორე ადგილს თიბისი დაზღვევა იკავებს. კომპანიამ წლის პირველ ნახევარში 137 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა. ხუთეულში შედიან ასევე ალდაგი [₾125 მლნ], იმედი L [₾82 მლნ] და ბენეფიტი [₾64მლნ].
მთავრობამ აეროპორტის მიმდებარედ ახალი სტადიონის ასაშენებლად 876 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სტადიონისთვის შერჩეული 270,615 კვადრატული მეტრის ტერიტორია კახეთის გზატკეცილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გადასახვევთან მდებარეობს.
კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 სექტემბრამდე შეუძლიათ, ხოლო ახალი სტადიონის მშენებლობა კონტრაქტის გაფორმებიდან 51 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
2025 წლის რთველში კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის რთველის სუბსიდირების მოდელი წარადგინა. უწყების ინფორმაციით, კერძო კომპანიებზე ყურძნის შესასყიდ სუბსიდიას სახელმწიფო აღარ გასცემს და ჭარბ ყურძენს მხოლოდ სახელმწიფო "მოსავლის მართვის კომპანია" შეიძენს. ამასთან, აღნიშნული კომპანია რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავად ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადასცა მართვაში. რთველი 2025 სუბსიდიის მოცულობა 50 მილიონი ლარი იქნება. ამასთან, განსხვავებული იქნება ხარისხიანი და დაზიანებული ყურძნისთვის გასაცემი სუბსიდიის ფასიც. კერძოდ, დაზიანებული ყურძნის შესყიდვა 20%-ით უფრო იაფად მოხდება, ვიდრე ხარისხიანი ყურძნის. 2024 წლის რთველში მთავრობამ 35 მილიონი ლარის სუბსიდია გასცა კერძო კომპანიებზე, რომლებიც შეიძენდნენ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს, კილოგრამს 1 ლარად. აღნიშნულმა კომპანიებმა თითოეულ ჩაბარებულ კილოგრამზე მთავრობისგან 20 თეთრის სუბსიდია მიიღეს. 2025 წლის რთველში სუბსიდიის გაცემის აღნიშნული მოდელი გამოყენებული აღარ იქნება.
ზემო ოსაიური-ჩუმათელეთის 6.4-კილომეტრიანი მაგისტრალი გაიხსნა
16 აგვისტოს გაიხსნა აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 4-ზოლიანი, 6.4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. გზა მოიცავს 11 ხიდსა და 5 გვირაბს.
ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო მისი კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია “სინოჰიდრო” აშენებს. ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის თავდაპირველად კონტრაქტი 2017 წელს კომპანია Astaldi-სთან გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და დავა დაიწყო.
თბილისში 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში, ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი, დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. 7.5-კილომეტრიანი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში ბაზრის მოკვლევა გამოცხადდა.
პროექტის თანახმად, ახალ მარშრუტს 11 გაჩერება ექნება და მას ტრამვაის 10 შემადგენლობა უნდა მოემსახუროს. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება. ფასების გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი თუ რამდენი მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტის განხორციელება.
სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წელი საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებისთვის რეკორდული იქნება. თურნავას თქმით, 1.3 მილიარდი დოლარის შესყიდვები, რაც წელს განხორციელდა წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება, ამასთან შესყიდვები მიმდინარეობდა აგვისტოს განმავლობაშიც.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივლისში 417 მილიონი დოლარი შეისყიდა - სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ივლისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 331 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
მთლიანობაში 2025 წლის განმავლობაში სებ-მა 1.3 მილიარდი დოლარი შეისყიდა, მათ შორის ყველაზე დიდი - $417 მილიონიანი შესყიდვა სწორედ ივლისში განახორციელა.




























