მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოს ომის დაზარალებულთა მხარდასაჭერად, „ტენეს“ ქარხანა წეროვანში გადააქვს

611514b3e2a16
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.21 10:00
2007
„აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერედ გადაწყვიტეთ ქარხანა თბილისიდან დევნილთა კომპაქტური დასახლების პუნქტში გადავიტანოთ, ხოლო პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობით დავაკომპლექტოთ. კომპაქტურ დასახლებაში მაცხოვრებლებს ვთხოვთ შეავსონ ვაკანსიის ბმული. - ეს ინფორმაცია USB კაბელების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია „ტენემ“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

რატომ მიიღო კომპანიამ საწარმო თბილისიდან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გადატანის გადაწყვეტილება და როგორია მათი გეგმები - ეს კითხვები BM.GE-მ „ტენეს“ დამფუძნებელს ალექსანდრე ლილუაშვილს დაუსვა:

„დღეისთვის „ტენეს“ USB კაბელები თბილისში, დიღომში არსებულ საწარმოში იწარმოება. ჩვენი მიზანი წარმოების გაფართოება და გაზრდაა. გვინდოდა, რომ აგვისტოს ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის მხარდაჭერა აღმოგვეჩინა და ამიტომ გადავწყვიტეთ საწარმო წეროვანში გადაგვეტანა. დასაწყისისთვის 15 ადამიანის დასაქმებას შევძლებთ, რითიც წარმადობასაც გავზრდით“, - აღნიშნავს ალექსანდრე ლილუაშვილი.

ამისთვის კი კომპანიამ წეროვანში მიწის ნაკვეთი იქირავა და 100-150 ლარის ინვესტიციით 1-2 თვეში საწარმოო შენობასაც ააგებს, რომელიც მათ მოქმედ საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარებით აღიჭურვება.

„წარმოების გადატანის შემდეგ „ტენეს“ წარმადობის გაათმაგებას ვგეგმავთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეისთვის თვეში 3 000 USB კაბელს ვაწარმოებთ. ამასთან, წეროვანში გადასვლის შემდეგ გეგმაში ყურსასმენების წარმოების დაწყებაც გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის „ტენეს“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: ყველა სახის USB კაბელების მწარმოებელი კომპანია „ტენე“ ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანას ნიგერიაში გეგმავს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს „ტენე“ ნიგერიაში წლის ბოლომდე გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები