ევროპის 20 ქვეყანაში, სადაც ევროს იყენებენ, სამომხმარებლო ფასები აგვისტოს თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით გაიზარდა - წინასწარი მონაცემების შესახებ CNN ევროპის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში უცვლელია ივლისის ინფლაციის დონესთან შედარებით.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რაც საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს არ მოიცავს, ივლისის შემდეგ 5.5%-დან 5.3%-მდე შემცირდა.
საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და სერვისები აგვისტოს თვის ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფასები წლიურ ჭრილში, წინა თვესთან შედარებით ნელა გაიზარდა.
ეკონომისტები მედიასთან გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ინფლაცია 5.1%-მდე შემცირდებოდა, რაც ევროპის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზანთან შედარებით მაღალია.
ხანგრძლივმა ინფლაციამ, შესაძლოა ცენტრალურ ბანკზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდის წნეხი შექმნას.
ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ივლისში მეცხრედ გაზარდა, რის შემდეგაც ეკონომისტები გერმანიის - ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკის - რეცესიის რისკებზე ალაპარაკდნენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად, აგვისტოში ქვეყნის ბიზნესაქტივობა რეკორდულად დაეცა.