აგვისტოში 95%-ით ვიყავით დატვირთული, - ამის შესახებ აჭარაში მდებარე ტურისტული ობიექტის "ილიას მარანი" დამფუძნებელმა, ილია მალაკმაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, "ილიას მარანი" გარდა მარნისა, ორ გლემპინგსაც მოიცავს. ობიექტმა 2023 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გრანტი მოიპოვა, რის შემდეგაც ტურისტული ობიექტის განვითარება დაიწყო.
"2023 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" გრანტი 30000 ლარის ოდენობით მოვიპოვეთ, რის შემდეგაც გლემპინგის მშენებლობა დავიწყეთ. ჯამში, ორივე ობიექტის საერთო ღირებულება, 47 000 ლარამდე დაჯდა. ორივე გლემპინგში განთავსების ღირებულება 150 - 200 ლარის ფარგლებში მერყეობს და მასში, ჯამში 8 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
ობიექტით დაინტერესება დიდია არაბებისა და ქართველი მოსახლეობის მხრიდან", - აცხადებს მალაკმაძე.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი აჭარის ტურისტული მიმართულებით განვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეგიონს ძალიან დიდი განვითარების პოტენციალი აქვს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ გამოწვევაა დაბალი სერვისი, რომლის გამოსწორებაზეც არავინ მუშაობს, რადგან მოთხოვნა არ არის.