მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში დაკრედიტება 20.1%-ით, დეპოზიტები კი 15.3%-ით გაიზარდა - G&T-ის მიმოხილვა

ფინანსები

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სესხები, ასევე ბანკებში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, ხოლო დოლარაზაცია ორივე მიმართულებით შემცირდა.

უფრო დეტალურად, საბანკო სექტორის მაჩვენებლები ასეთია: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 20.1%-ით გაიზარდა 2024 წლის აგვისტოში, წინა თვის 19.6%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 57.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელის წლიური ზრდა 18.6% იყო (+1.1% /). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტება კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად 20.7%-ით გაიზარდა, ხოლო საცალო დაკრედიტების წლიური ზრდა 16.8% იყო; აგვისტოში სესხების დოლარიზაცია 43.9%-მდე შემცირდა (-1.03პპ წ/წ და -0.34პპ თ/).

ამასთან, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 15.3%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 56.1 მლრდ ლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული 15%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 21.2%-ით (+21.6% წინა თვეში) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 9.3% იყო (+8.7% წინა თვეში). შედეგად, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაცია 47.8%-მდე შემცირდა (-1.91პპ წ/წ და -0.68პპ თ/).

მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში 41 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 109.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შეისყიდა 329.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ფულად ბაზარს, მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 24 სექტემბერს 5-წლიანი 85 მლნ ლარის (31.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.1-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.308პპ-ით შემცირდა და 8.465% შეადგინა. უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 1 ოქტომბერს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 3.3-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები