აგვისტოში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.8%-იანი მატება.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (22.9%);
• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.02 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.7%) და ძირითად ლითონებზე (10.1%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.28 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.3%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2026 წლის ივლისთან შედარებით ფასები 4.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.2%), რამაც -0.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 6.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.67 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
























