აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 140 ათასით არის შემცირებული.
საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.
სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული და როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის სოციალური სტატუსის შემოწმება იგეგმება. კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს უკვე შეუწყდა. კერძოდ, 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.
"წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას", - განაცხადა კობახიძემ.
ვრცლად ამ თემაზე: "წლის ბოლომდე 65 000 ოჯახის გადამოწმებაა დაგეგმილი"|რატომ შეუმცირდა ათასობით ოჯახს სოცდახმარება?
























