მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლის ბოლომდე 65 000 ოჯახის გადამოწმებაა დაგეგმილი"|რატომ შეუმცირდა ათასობით ოჯახს სოცდახმარება?

ხალხი ქუჩა

მთავრობა ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა სიას ამცირებს. პრემიერის ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა. 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.

"ხშირად იყო სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი - გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას. ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა", - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მიზანი მეტის დაზოგვაა. პრემიერი პირობას დებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება: "წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას".

ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა 2020 წლიდან დაიწყო, როცა პანდემიის საბაბით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გადამოწმება შეჩერდა. ამას 2022 წლიდან სახელმწიფო დასაქმების პროგრამაც დაემატა, რომელსაც შემწეობაზე მყოფი პირები დასაქმების ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ წინამორბედის დროს ამუშავებული პროგრამა უსარგებლო და დასაქმება ფიქციური იყო. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

"„ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს დღეს უცბად გაახსენდათ, რომ ეს ხალხი დახმარებას აღარ უნდა იღებდეს, რადგან თურმე მაღალშემოსავლიანია. ესეც ტიპური შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნება“ ანგარიშვალდებულების გარეშე, თვითნებურ გადაწყვეტილებებს იღებს ელექტორალური მიზნებისთვის. ნუთუ არ იცოდა ირაკლი კობახიძემ, რომ 2024 წელს, შესაძლოა, ბევრი ზედმეტი ადამიანი იყო ამ სიაში და ისინი ამოსაღებები იყვნენ? ამას ერთადერთი ახსნა აქვს: მაშინ არჩევნების წელი იყო, წელს და მომავალში კი სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ აღარ აპირებს კონკურენტული არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, აღარც იმ ხალხის რჩენა სურს ბიუჯეტიდან", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

სოციალურად დაუცველების სიის განახლება ჯანდაცვის მინისტრმა წლის დასაწყისში დააანონსა. მიხეილ სარჯველაძემ დახმარებების მიმღებთა შემცირების პროგნოზი თებერვალშივე გააკეთა.

"სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ამ მიზეზთა გამო იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, რომ ბაზაში რჩებოდნენ მხოლოდ ის ოჯახები და ადამიანები, რომლებსაც დღეისთვის, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა", - ამბობს ურუშაძე.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ყველა დროის რეკოდულ ნიშნულს 704 713-ს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 18%-ია. ამ ადამიანების დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, მაისში საარსებო შემწეობას 605 033 პირი, იღებდა, აპრილთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 41 ათასით შემცირდა. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების მიხედვით კლება კიდევ უნდა გაგრძელდეს, თუმცა კითხვაზე რატომ იხარჯებოდა მთავრობის თქმითვე, უსარგებლო პროგრამასა და სოციალური დახმარების საჭიროების არ მქონე მოქალაქეებზე ასეულობით მილიონი მათ განცხადებებში არავის მოუსმენია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები