2025 წლის აგვისტოში როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, აგვისტოში ივლისთან შედარებით ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.8%-იანი მატება.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.2%);
• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.72 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (4.7%) და სასმელებზე (4.6%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 12%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.23 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2025 წლის ივლისთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.02 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.1%), რამაც -0.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (-5.3%). ამასთან, ფასების 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.25 პროცენტული პუნქტი შეადგინა.




























