ხელოვნური ინტელექტის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები საკუთარი ბირთვული სადგურების მშენებლობას იწყებენ. Google-ის, Microsoft-ისა და Amazon-ის შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილება მარკ ცუკერბერგის Meta-მ მიიღო, რომელიც საჯარო ტენდერს აცხადებს და დეველოპერულ კომპანიებს ბირთვული სადგურების მშენებლობის კონტრაქტს სთავაზობს.
როგორც ჩანს, ცუკერბერგი მოითხოვს, რომ სადგურის მშენებლობა 2025 წელს დაიწყოს და ის ოპერირებაში 2030 წელს ჩაეშვას, რაც ბირთვული ელექტროსადგურის აშენებისა და ფუნქციონირების დაწყების რეკორდულად სწრაფი მაჩვენებელი იქნება. Meta-ს ტენდერიდან ირკვევა, რომ კომპანიას 1-დან 4 გიგავატამდე სიმძლავრის სადგურები სჭირდება, რათა რეაქტორების მიერ გამომუშავებული ენერგია სრულად მოხმარდეს Data-ცენტრების მომარაგებას და AI-ის გამოკვებას, რომელიც ყოველდღიურად მეტ ენერგიას მოითხოვს.
შესაძლოა გაჩნდეს შეკითხვა, თუ რატომ ბირთვული ენერგია? - პასუხი მარტივია, ტექნოლოგიური გიგანტების ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო მზის პანელების განთავსება კოლოსალურ ხარჯებთან და ლოგისტიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული; ჰეს-ების აშენება კი ზედმეტად რთულია და გამომუშავებული სიმძლავრის შედარება ბირთვულ ენერგიასთან უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ ატომის გახლეჩა დამშეული AI-ის გამოსაკვებად საუკეთესო გზად რჩება.