მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“AI-მუსიკის გამოყენება ავტორებისთვის ჰონორარის აკრეფას არ უნდა აბრკოლებდეს“ - იურისტი

ai მუსიკა

საავტორო უფლებების სპეციალისტი ზურაბ ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესსუბიექტებმა, რომლებიც კომერციული მიზნებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას იყენებენ, ჰონორარი ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გადაიხადონ.

ადვოკატის განცხადებით, AI-ის გამოყენება ვერ იქნება საავტორო გადასახადისგან თავის არიდების საფუძველი, რადგან თავად ეს ტექნოლოგია ადამიანების მიერ შექმნილ ნაწარმოებებზეა გაწვრთნილი და მუსიკა, რომელსაც ეს ტექნოლოგია ქმნის, ქართველი ხელოვანების შემოსავლებს საფრთხეს უქმნის.

“ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი არღვევს ქართველი ხელოვანების უფლებებს, იმიტომ, რომ დიდი ოდენობით მათი საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებები, ფონოგრამები და სხვადასხვა მასალები დამუშავებულია ნებართვის გარეშე.

ანუ, ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან დიდი მოცულობით დაარღვია ყველას უფლებები და ვერავინ ვერ იცავს ამ უფლებებს და მეორეს მხრივ, მათი არსებული შემოსავლები მცირდება.

ვინც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფონოგრამებს კომერციული მიზნებისათვის იყენებს, ეს არის რესტორნები, ბარები, კაფეები, სასტუმროები აქ არ უნდა გვჭირდებოდეს იმის გარკვევა, ვისი ფონოგრამა შესრულდა. ზოგადად კანონი ამბობს, რომ თუკი ფონოგრამა ინტერნეტში არის ხელმისაწვდომი, ითვლება, რომ ეს არის კომერციული მიზნით ხელმისაწვდომი. კომერციული მიზნით ხელმისაწვდომ ფონოგრამებზე ჰონორარებს კი მხოლოდ კოლექტიური მართვის ორგანიზაცია აგროვებს სავალდებულოდ, კონკრეტული ტარიფით და ეს არ არის კავშირში მუსიკის გამოყენების პროპორციასთან და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს ჰონორარები უნდა შეგროვდეს. ანუ თუ მოსარგებლე იტყვის, რომ „მე ხელოვნური ინტელექტის მუსიკა მაქვს ჩართული დღეს“, ეს არ უნდა აბრკოლებდეს ჰონორარის შეგროვებას.

ახლა, მე როგორც ვიცი, ეს ჰონორარი გროვდება, ოღონდ არის კონფლიქტური სიტუაციები: ზოგი იხდის, ზოგი არ იხდის, მაგრამ ამ მიმართულებით ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ქაოსური არ გახდეს ეს პროცესი და უაზრო სასამართლო დავებში არ გადავიდეს მასიურად”, - ამბობს საავტორო უფლებების სპეციალისტი და ადვოკატი ზურაბ ბეჟაშვილი.

ხელოვნური ინტელექტი მუსიკასა და ტექსტებს აგენერირებს, თუმცა ვის ეკუთვნის უფლებები ამ კონტენტზე? - ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები ავტორებისთვის ჰონორარების გადახდას AI-ის მეშვეობით თავს არიდებენ და შესაბამის ნაწარმოებებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები