„უეკრანო, უჩინარი და მგრძნობიარე“, – ასე ახასიათებს Humane Inc-ის დამფუძნებელი საკუთარი სტარტაპის ახალ პროდუქტს, რომლის შორეული მიზანი, არც მეტი, არც ნაკლები, მობილური ტელეფონის ჩანაცვლებაა.ესაა მცირე ზომის მექანიზმი, AI-ასისტენტი, რომელსაც მრავალგვარი ფუნქციის შესრულება შეუძლია და მისი მიმაგრება ტანსაცმელზეა შესაძლებელი მაგნიტის მეშვეობით. Apple-ის დიზაინისა და საინჟინრო გუნდის ყოფილი წევრების, ცოლ-ქმრის, იმრან ჩაუდრისა და ბეთანი ბონჯორნოს მიერ 2018 წელს დაარსებულმა კომპანიამ უკვე წარადგინა მოწყობილობა AI Pin-ი, რომელიც Microsoft-ისა და OpenAI-ის მიერ განვითარებულ ხელოვნური ინტელექტის (AI) ენობრივ მოდელებს ეყრდნობა. ამ დღემდე სტარტაპმა 230 მილიონი დოლარის მოპოვება შეძლო და მას ზურგს Microsoft-ი, OpenAI-ის თანადამაარსებელი, სემ ალტმენი და Tiger Global Management-ი უმაგრებენ. Time-მა AI Pin-ი 2023 წლის საუკეთესო გამოგონებებს შორისაც შეიყვანა.