ამერიკის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, ჩინეთი “AI რბოლის” მოგებას შეძლებს. როგორც ის განმარტავს, ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი არამარტო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კოლოსალური სუბსიდიები, არამედ ის ინტელექტუალური ბაზაა, რომელიც ჩინეთში ახალგაზრდა დეველოპერების სახით არის თავმოყრილი.
ჰუანგის აღნიშნავს, რომ ეს სცენარი მისთვის სამწუხაროა, რადგან არ სურს ჩინეთმა ამერიკას ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში აჯობოს. თუმცა განმარტავს, რომ თუ შტატების ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, “რბოლის” ბედი ამერიკისთვის მძიმედ დასრულდება.
ჰუანგი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, რაც საბოლოოდ წაგებიან პოზიციაში შტატებს აყენებს. როგორც ის განმარტავს, Nvidia-ს ჩიპებზე წვდომის შეზღუდვით კომპანია ჩინელი დეველოპერების დაინტერესებას და მათ “გადმობირებას” ვერ მოახერხებს, შესაბამისად, დროთა განმავლობაში ამერიკა იმ უპირატესობას დაკარგავს, რასაც ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების ამერიკაზე დამოკიდებულება ჰქვია.




























