2023 წლის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეებისა თუ ტენდენციების შესახებ თხრობა, ხელოვნური ინტელექტით უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ ტექნოლოგიამ განსაზღვრა გასული 2023 წელი, როგორც უშუალოდ ტექნოლოგიის კუთხით, ასევე იმ გავლენით, რომელიც მან გლობალურ საფონდო ბირჟებზე, უმდიდრესი ადამიანების ქონების შეფასებაზე და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდინა.
ხელოვნური ინტელექტი წელს იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ Collins-ის ლექსიკონმა ის 2023 წლის სიტყვადაც დაასახელა - ტერმინი AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი, ლექსიკონში განისაზღვრება, როგორც „კომპიუტერული პროგრამებით ადამიანის გონებრივი ფუნქციების მოდელირება“ და წლის სიტყვად ის მისი ფართო გამოყენების გამო შეირჩა, რადგან წლის განმავლობაში, ამ ტერმინის გამოყენება ერთბაშად გაოთხმაგდა.
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რამ განაპირობა ხელოვნური ინტელექტის აღმასვლა. თავად ეს ტერმინი ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ კაცობრიობის დიდმა ნაწილმა მის შესახებ პირველად ზუსტად ერთი წლის წინ გაიგო, როცა სამყაროს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი - ChatGPT მოევლინა.
ეს ნეირონული ქსელი, რომელსაც ადამიანთან საუბარი და მისი საკმაოდ რთული დავალებების შესრულება შეუძლია ამერიკულმა არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შექმნა. ამ ორგანიზაციის სახელია OpenAI და დღეს, ის პლანეტის რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Microsoft-ის შვილობილია. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა დღეს უკვე პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკლევარი, ილია სუცკევერი, პროგრამისტი გრეგ პროკმენი და ანტრეპრენიორი, სემ ოლტმენი შეთანხმდნენ, რომ ხელოვნურმა ზოგადმა ინტელექტმა, შესაძლოა, კაცობრიობას საფრთხე შეუქმნას.
ამ იდეამ, თავის წილ, ზემოხსენებულ ადამიანებს არაკომერციული კვლევითი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა და ასე დაიბადა OpenAI, რომლის მთავარი ფილოსოფიური პოსტულატები - თავისუფლება და ინფორმაციის ღიაობა იყო. OpenAI-ის გაცხადებული მიზანია, რომ ხელოვნურმა ზოგადმა ინტელექტმა კაცობრიობას სარგებელი მოუტანოს.
OpenAI-ის საქმიანობა, დიდწილად, მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სემ ოლტმენს უკავშირდება, რომელსაც ტექნოლოგიურ წრეებში იმ დრომდეც იცნობდნენ, სანამ მისი კომპანია ChatGPT-ს შექმნიდა. 2005 წელს, სემ ოლტმენმა ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი - Loopt-ი დააფუძნა, რომელიც 2012 წელს 43 მილიონ დოლარად გაყიდა. ამ თანხით, ოლტმენმა ვენჩურული კაპიტალის ფონდი დააფუძნა და სტარტაპ-ეკოსისტემას უკვე ინვესტორის რანგში მოევლინა და სწორედ ასე აღმოჩნდა მსოფლიოს ნომერ პირველ სტარტაპ-აქსელერატორში, კალიფორნიულ YCombinator-ში, სადაც პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. სწორედ სემ ოლტმენს უკავშირდება YCombinator-ის უმსხვილესი გარიგებები, მათ შორის Airbnb-ი, Dropbox-ი და Stripe-ი.
თუმცა YCombinator-ისა და OpenAI-ის გარდა, სემ ოლტმენს კიდევ ერთი კომპანია უკავშირდება - Tools for Humanity-ი, რომელიც მილიონობით მოქალაქის თვალის ირისის სკანირებას და მათთვის უნიკალური ციფრული ID-ს მინიჭებას, რომელსაც მომავალში კომპიუტერული სისტემები aდამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთისგან განსასხვავებლად გამოიყენებენ. ამ პროექტს ზურგს კრიპტოვალუტა Worldcoin-ი უმაგრებს, რომელიც პროექტში მონაწილეებს ჯილდოს სახით დაურიგდებათ.
სემ ოლტმენზე კი ამდენი იმიტომ მოგიყევით, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში წელს მომხდარი მთავარი საკადრო ცვლილება სწორედ მას უკავშირდება. მიმდინარე წლის ნოემბერში, ყველასთვის მოულოდნელად გაცხადდა, რომ OpenAI-ის დირექტორთა საბჭომ სემ ოლტმენი კომპანიის დირექტორობიდან გადააყენა. სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით, ოლტმენმა კომპანიის მენეჯმენტის, თანადამფუძნებლებისა და ინვესტორების წინაშე ნდობა დაკარგა, სწორედ ამიტომ ის OpenAI-ს მართვის პროცესს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორებულიყო.
თუმცა მთელ ამ ამბავში მნიშვნელოვანი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა Microsoft-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ, რომელმაც მალევე მოუძებმა ოლტმენს სამსახური უშუალოდ Microsoft-ში, სადაც ის AI-განყოფილების ხელმძღვანელად დანიშნა. მოგვიანებით კი, სემ ოლტმენი OpenAI-შიც დაბრუნდა და კომპანიაში მომხდარი მინი-რევოლუცია წარუმატებლად დასრულდა. როგორც იმ დროს გაირკვა, ოლტმენის გაშვებას ინვესტორების მხრიდან უკმაყოფილება და თანამშრომლების აჯანყება მოჰყვა.
მოკლედ, მთელი ამ ამბით, რეალურად, გამარჯვებული სემ ოლტმენი დარჩა, მაგრამ მასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ OpenAI-ის მფლობელი Microsoft-იც, რომლისთვისაც მიმდინარე წელი განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ორი ტრილიონ 783 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც კომპანიის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია, რომლითაც Microsoft-ი რიგით მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, ამერიკული Apple-ის შემდეგ.
სადაც Apple-ი ვახსენე, ბარემ ამ კომპანიის შესახებაც მოგიყვებით, რომლისთვისაც 2023 წელი უბრალოდ ფენომენალური იყო. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ Apple-ი პირველი კომპანია გახდა ისტორიაში, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა, თანაც ეს მოახერხა არა პირველად, არამედ 4-ჯერ, რაც ასევე რეკორდული მაჩვენელია.
ამერიკული გიგანტის ეს წარმატება, ცხადია, პირდაპირ უკავშირდება, როგორც კომპანიის მენეჯმენტს, ასევე ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ტიმ კუკს, რომელიც ბევრის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ანუ დირექტორია. თავად ეს მოსაზრება რეალობას არ არის აცდენილი, რადგან ტიმ კუკის მოსვლით, Apple-ში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ისტორიაში კომპანიის სერვისული ბიზნესის განვითარებით, სტრიმინგის ბაზარზე შესვლით, AirPods-ის, Apple Watch-ისა და საკუთარი წარმოების პროცესორის შექმნით შევა. ეს ყველაფერი კი, დიდ ფინანსურ სარგებელს უქმნის ინვესტორებს.
ინვესტორების გახსენებაზე წელს მომხდარ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სიახლეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს უკავშირდება. სემ ოლტმენისა არ იყოს, 2023 წელი ისტორიული მნიშვნელობის იქნება ილონ მასკისთვისაც, რომელმაც წელს ერთბაშად რამდენიმე კოლოსალური მნიშვნელობის ამბის დატრიალება მოახერხა. ჯერ იყო და მასკმა Twitter-ი თავდაყირა დააყენა, მას სახელი შეუცვალა, ათიათასობით ადამიანი უსამსახუროდ დატოვა და ბევრ დამკვეთს დაემშვიდობა, მაგრამ შემდეგ, Twitter-ს სახელი შეუცვალა, მას X დაარქვა და მეორე სიცოცხლე შესძინა. X - ილონ მასკის აზრით, ყველაფრის აპლიკაციად, ე.წ. სუპერ აპად უნდა გადაკეთდეს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს სწორედაც რომ ხელოვნური ინტელექტი ითამაშებს, რომელიც, როგორც ხვდებით, 2023 წლის მთავარი ნარატივი იყო.
მიმდინარე წლის ნოემბერში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა საზოგადოებას საკუთარი ხელოვნური ინტელექტი - Grok AI წარუდგინა. მასკის განცხადებით, xAI-ს მიერ შექმნილი ენობრივი მოდელი გაცილებით უფრო სწრაფი და დახვეწილია, ვიდრე კონკურენტების მიერ შექმნილი ნეირონული ქსელები, მათ შორის, OpenAI-ს ChatGPT და Google-ის მიერ შექმნილი Bard-ი. Grok-ის უპირატესობის წარმოსაჩენად X-ის გუნდმა რამდენიმე სატესტო ცდა ჩაატარა, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე სიახლეების გადამუშავების საკითხში Grok-ის სისტემა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ChatGPT-ის.
ამ ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის მთავარი უპირატესობა სოციალურ ქსელ X-თან, იგივე Twitter-თან წვდომის არსებობაა. როგორც ჩანს, Grok-ს პირდაპირ რეჟიმში შეუძლია X-ზე წარმოდგენილი პოსტების გაცნობა და პასუხის გენერირებისას ამ მონაცემების გათვალისწინება.
თუმცა ილონ მასკი რისი ილონ მასკია, ორ სიახლეს რომ დასჯერებოდა, ამიტომაც თხრობა კვლავ ამ ადამიანის მიღწევებით უნდა გავაგრძელოთ.
წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ილონ მასკის კოსმოსურ კომპანიას, SpaceX-ს უკავშირდება, რომლის შეფასებამ მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Bloomberg-ის ინფორმაციით, ინვესტორები ილონ მასკის მიერ დაფუძნებულ სტარტაპს ამჟამად 175 მილიარდ დოლარად აფასებენ, რაც სტარტაპების ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. თან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ინოვაციური კომპანია საფონდო ბირჟაზე ჯერაც კი არ არის დალისტული და მისი წილის შეძენა მხოლოდ კერძო გარიგების საფუძველზეა შესაძლებელი. სტარტაპის ეტაპზე ასეთი მაღალი შეფასება იმის მაუწყებელია, რომ SpaceX-ის IPO კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება და მისი კაპიტალიზაცია, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეულ მილიარდს მიაღწევს.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, მშვენიერი ამბები აქვს თავად ილონ მასკსაც, რომელიც 2023 წელს პლანეტაზე ყველაზე მეტად გამდიდრდა. მიმდინარე წელს, ილონ მასკმა 108 მილიარდი დოლარი მიიმატა და მისი ქონების ჯამურმა შეფასებამ 255 მილიარდს მიუკაკუნა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ SpaceX-ის IPO-ს შემდეგ, ილონ მასკის ქონებამ, შესაძლოა, ნახევარ ტრილიონს მიუახლოვდეს.
გამდიდრების გახსენებაზე კიდევ ერთ ძალიან წარმატებულ მეწარმეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც, ობიექტურები თუ ვიქნებით, 2023 წლის #ტექლიდერის ჯილდოს იმსახურებს. ეს ადამიანი კომპიუტერული ჩიპებისა და ნახევარგამტარების მწარმოებელი უდიდესი კომპანიის, NVIDIA-ს დამფუძნებელი იენსენ ჰუანგია და მისი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ამ კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ამის გამო, მიმდინარე წელს, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდულ 1 ტრილიონ 230 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ის ძალიან პრესტიჟულ ტრილიონიან კლუბს შეუერთდა.
მიმდინარე წელს Nvidia-ს აქციების ფასი 240%-ითაა გაზრდილი, 5-წლიან პერიოდში ზრდის მაჩვენებელი კი 1,360%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს შორის Nvidia-ს საუკეთესო შედეგები აქვს.
Nvidia-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას წარმოუდგენელი კომპიუტერული სიმძლავრეები სჭირდება და ამ მხრივ, NVIDIA ნამდვილი ლიდერია. მარტივად გეტყვით - რაც უფრო მეტი კომპანია იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ნეირონული ქსელებით, მით უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა Nvidia-ს პროდუქციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის კომპანიის შემოსავლებსა და საბაზრო კაპიტალიზაციას. ამ ყველაფრის გარდა, Nvidia თავადაც მუშაობს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და ქლაუდ-გეიმინგის განვითარებაზე.
სადაც კვლავ ხელოვნურ ინტელექტს დავუბრუნდით, მის ერთ ძალიან საინტერესო გამოყენებაზეც უნდა გითხრათ. დარწმუნებული ვარ ყველამ კარგად იცით, რომ ხელოვნურ ინტელექტს ფაქტობრივად ყველაფრის შექმნა შეუძლია, რასაც კი მოისურვებთ. ხელოვნური ინტელექტი ერთდროულად არის ხელოვანი, ისტორიკოსი, მეცნიერი და შემოქმედი, ამ უკიდეგანო პოტენციალის ათვისებას კი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები აქტიურად ცდილობენ.
დღეს ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით, რომელიც ბევრისათვის საყვარელ ბრენდს, "კოკა-კოლას" უკავშირდება. დავიწყოთ იმით, რომ ეს $250-მილიარდიანი კომპანია უკვე ათწლეულებია ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს, რასაც ის ტრადიციულობისა და ინოვაციურობის სინთეზით ახერხებს. ცხადია, AI-რევოლუცია არც "კოკა-კოლას" ყურადღების მიღმა დარჩენილა. უფრო მეტიც, კოკა-კოლა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი შექმნა და მას შემოქმედებით პროცესში ჩართვა დაავალა.
"კოკა-კოლას" მაგიური სარეკლამო რგოლები ალბათ ყველას კარგად გვახსოვს და ისიც ვიცით, რომ ამ მიმართულებით კომპანიას კრეატიულობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ წელს, კომპანიამ საკუთარ თავს აჯობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლიმიტირებული გამოშვების სასმელი შექმნა, სახელწოდებით Y3000. როგორც კომპანიაში ამბობენ, სწორედ ასეთი გემო ექნება ლეგენდარულ სასმელს 3000 წელს.
რთულია გააკეთო პროგნოზი, თუ რა იქნება 900 წლის შემდეგ, მაგრამ თუკი სამყარო შენარჩუნდება იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დღეს არსებობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Google-ი იმ დროსაც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია იქნება, რადგან ამისთვის, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ დაფუძნებული კომპანია ინვესტიციას დღეს ახორციელებს.
მთავარი სიახლე, რომელიც GOOGLE-მა გიგანტმა წელს დააანონსა, ისევ და ისევ ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი გამოუშვა, რომლის სახელწოდებაა Gemini. ამ ენობრივმა მოდელმა კონკურენცია OpenAI-ს მიერ შექმნილ ChatGPT 4-ს უნდა გაუწიოს, რომელიც დღეისათვის ყველაზე მძლავრ ხელოვნურ ინტელექტად ითვლება.
Google-ის გენერალური დირექტორის, სუნდარ პიჩაის განცხადებით, საწყის ეტაპზე სამი ტიპის AI-მოდელი იქნება ხელმისაწვდომი, Gemini Nano, Gemini Pro და Gemini Ultra. მათ შორის ყველაზე სუსი Nano ვერსიაა, რომელიც Android-ით აღჭურვილ სმარტფონებში ჩაშენდება და ის პასიური ასისტენტის ფუნქციას შეასრულებს. Gemini Pro ხელოვნური ინტელექტის აქტიური ვერსიაა, რომელიც Google Pixel-ის სერიის სმარტფონებში იქნება ხელმისაწვდომი და თან ის Bard-ის ახალი ძრავა გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ Bard-ის შესაძლებლობები დრამატულად გაიზრდება. რაც შეეხება Ultra-ს, ის დატაცენტრებზე და კორპორაციულ მომხმარებლებზე გათვლილი სუპერ ინტელექტია, რომლის შესაძლებლობების სრულად ასათვისებლად კომპლექსური დავალებების მიცემაა საჭირო.
კომპლექსური, ანუ რთული დავალებების გახსენაბაზე კიდევ ერთ ინდუსტრიაზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც წელს განსაკუთრებით აქტუალური იყო და ეს ინდუსტრია - ფარმაკოლოგიაა. კი, მედიკამენტების წარმოება მუდამ აქტუალურია, მით უმეტეს პანდემიის შემდეგ, მაგრამ წელს, კომპანიები აქტიურად შეუდგნენ ახალი ტექნოლოგიის განვითარებას, რომელმაც საფონდო ბირჟებზე ჭეშმარიტი რევოლუცია წარმოშვა.
2023 წელს, ევროპულ საფონდო ბირჟებზე ერთი მოულოდნელი ფაქტი დაფიქსირდა - დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის აქციები ლამის 50%-ით გაძვირდა, რისი დამსახურებითაც მან ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული საჯარო კომპანიის ტიტული მოიპოვა, რომელსაც, ამ დრომდე, ბერნარ არნოს მაღალი მოდის კონგლომერატი - ფრანგული LVMH-ი ფლობდა.
ყველაფერი კი, ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როცა დანიური კომპანიის მესვეურებმა სემაგლუტიდის კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის დადებითი შედეგები გაასაჯაროვეს და თქვეს, რომ ფორმულა, რომელიც მათ ჭარბწონიან პაციენტებში სიმსუქნის სამკურნალოდ შექმნეს, მუშაობს, თანაც ეფექტიანად. მოგვიანებით, კომპანიამ მსოფლიოს ყველაზე მკაცრი მარეგულირებლის, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის რამდენიმე ნებართვა მიიღო და სემაგლუტიდის გაყიდვა ორი ფორმით დაიწყო: Ozempic-ი - დიაბეტის სამკურნალოდ და Wegovy-ი - წონაში დასაკლებად.
Novo Nordisk-ის ბოლო წლების აღმასვლა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიამ მისი მშობლიური დანია რეცესიასაც კი გადაარჩინა, რომლის წინაშე ლამის მთელი ევროკავშირი აღმოჩნდა.
აი, ასეთი იყო 2023 წელი გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის, რომელიც ნამდვილად გამორჩეული იყო, როგორც ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, ასევე პროდუქტებითა და აპლიკაციებით. ყველას გვახსოვს Apple-ის მიერ წარმოდგენილი ახალი თაობის სმარტფონები, ჭკვიანი საათები და, რაც მთავარია VR-სათვალე Vision Pro, რომელმაც 2024 წელს გლობალურ ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია უნდა მოახდინოს.
ყველას გვახსოვს მარკ ზაკერბერგის ახალი სოციალური ქსელი Threads-იც, რომელსაც, წესით და რიგით, გასაჭირში მყოფი Twitter-ისთვის უნდა გადაეჯოკრა, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არ მოხდა.