მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ზე ხარჯების ზრდის ფონზე, ამერიკის 7-მა ტექ-გიგანტმა $767 მილიარდის კაპიტალიზაცია დაკარგა

Mag 7

ტექნოლოგიური გიგანტების ჯგუფის, ე.წ. Magnificent 7-ის (გასაოცარი შვიდეულის) ინდექსი გასულ კვირაში 4.8%-ით შემცირდა, რამაც კომპანიების ჯამური საბაზრო ღირებულება $767 მილიარდით შეამცირა. როგორც ირკვევა, საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა Alphabet-ისა და Tesla-ს კვარტალურმა ანგარიშებმა გამოიწვია. ინვესტორები უკმაყოფილო დარჩნენ იმ ინფორმაციის გავრცელებით, რომ კომპანიები AI-ს განვითარებაზე დამატებით მილიარდობით დოლარის ჩადებას გეგმავენ.

სიცხადისთვის, Alphabet-მა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის კაპიტალურ დანახარჯებს $205 მილიარდამდე გაზრდის. ამასთან, გაირკვა ისიც, რომ კომპანიამ მეორე კვარტალში უკვე დახარჯა $45 მილიარდი, რის გამოც მისი თავისუფალი ფულადი ნაკადები პირველად გადავიდა უარყოფით ბალანსში. რაც შეეხება Tesla-ს, ის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით AI-ს განვითარებაზე ხარჯებს 50%-ით გაზრდის.

სწორედ ამ ორმა ფაქტმა განაპირობა ინვესტორების უკმაყოფილება და ეს საფონდო ბირჟაზეც აისახა. გასულ სავაჭრო სესიაზე Alphabet-ის აქციების ფასი 7.3%-ით შემცირდა, Tesla-ს შემთხვევაში კი კორექციამ 13%-ს გადააჭარბა.

გასაოცარი შვიდეულის 2 წევრის ვარდნის ფონზე სხვა ტექ-გიგანტების აქციებიც შემცირდა. Microsoft-ის აქციების ფასი 3.1%-ით, Amazon-ის 5%-ით, ხოლო Meta-ს ღირებულება 4.7%-ით დაეცა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე გაწეული კოლოსალური დანახარჯების უკუგების ბუნდოვანი პერსპექტივა აშფოთებთ. ამ პროცესს ირანთან კონფლიქტის გაღრმავების ფონზე ნავთობის ფასების ზრდაც აძლიერებს.

საყურადღებოა, რომ შედარებით მცირე კლება Apple-ისა და Nvidia-ს აქციებმა განიცადეს, რადგან Apple-ი ხელოვნურ ინტელექტზე კაპიტალის აგრესიული ხარჯვისგან თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები