Air Canada-ს ბორტგამცილებლებმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები დაასრულეს და შეთანხმებაც დადეს. შესაბამისად, დასრულდა 4-დღიანი გაფიცვა. 9-საათიანი მოლაპარაკებების მიწურულს თანამშრომლების უფლებადამცველმა გაერთიანებამ შეხვედრა “ტრანსფორმაციულად” შეაფასა და აღნიშნა, რომ ბორტგამცილებლების საქმიანობა აუნაზღაურებელი აღარასდროს დარჩება.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რაზე შეთანხმდნენ მხარეები, თუმცა ვიცით რას ითხოვდა 10,000-ზე მეტი ბორტგამცილებელი. მათი თქმით, Air Canada თანამშრომლებს ხელფასს მხოლოდ იმ საათებისთვის უხდიდა, რომელსაც თვითმფრინავის ჰაერში ყოფნისას ატარებდნენ. ხოლო მათ საქმიანობას ხომალდის აფრენამდე და დაჯდომის შემდეგ აუნაზღაურებელს ტოვებდა.
4-დღიანი გაფიცვა, რომელიც შაბათს დაიწყო და რომელმაც 500,000 მგზავრზე იქონია გავლენა, უკვე დასრულებულია. ფრენები ხუთშაბათიდან ეტაპობრივად აღდგება, თუმცა კომპანიის საქმიანობის ძველ ტემპში დაბრუნებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.




























