მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის წინააღმდეგობის ფონზე ევროკავშირმა კანადა "ასოცირებული წევრობის" დეკლარაციიდან ამოიღო

კანადა და ევროკავშირი

ევროკავშირმა გერმანიის წინააღმდეგობის შემდეგ მონრეალის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტიდან კანადის "ასოცირებული წევრობის" შესახებ ჩანაწერი ამოიღო.

როგორც ირკვევა, განახლებულ ტექსტში ეს ფორმულირება "მუდმივად მზარდი ასოცირების" ვალდებულებით ჩანაცვლდა, რაც ბლოკში ქვეყნის სრულფასოვან გაწევრიანებას არ გულისხმობს. საყურადღებოა, რომ ეს ერთობლივი დეკლარაცია ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილი სამიტის დასრულებისას უნდა დამტკიცდეს.

ინფორმაციისთვის, დოკუმენტის თავდაპირველი ვერსია წევრ ქვეყნებს სამშაბათს წარედგინათ, თუმცა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს, რის გამოც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ოფისმა ბოლო საათებში ამ სახელმწიფოებთან ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა. საბოლოოდ კი დეკლარაციის უახლესი რედაქცია ისეთი ფორმით დაიწერა, რომ მხარდაჭერა დამატებითი წინააღმდეგობების გარეშე მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკურ დეკლარაციაში თავდაპირველი ტერმინის გამოყენებას ყველაზე აქტიურად გერმანია შეეწინააღმდეგა. როგორც ირკვევა, ბერლინისთვის პრიორიტეტულია პრაქტიკაში განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს ოტავასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ნაცვლად ისეთი ცნების დამკვიდრებისა, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულებებში არ არსებობს და შესაძლოა, სერიოზული სამართლებრივი შედეგები გამოიწვიოს.

თავის მხრივ, ცვლილებას კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი ყურადღება შეთანხმების შინაარსზე უნდა გამახვილდეს, ხოლო ტერმინოლოგიის საკითხი თავად ევროკავშირის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ კანადისთვის პირველი ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭების იდეა გასულ თვეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური მიმართვისას გააჟღერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები