ავიაკომპანია Air Georgia-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არეალში ახალი სამგზავრო ტერმინალის განვითარება სურს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მათ მფლობელობაშია აეროპორტის მიმდებარედ არსებული დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. გიორგი კოდუა ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში მათი პარტნიორი კერძო ევროპული საინვესტიციო ჯგუფი მზად არის, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ახალი ტერმინალის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
გიორგი კოდუა აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკით არაერთი ევროპული აეროპორტი მუშაობს, სადაც ადგილობრივ ავიაკომპანიებს საკუთარი სამგზავრო ტერმინალები აქვთ.
Air Georgia-ს დამფუძნებელი განმარტავს, რომ მათი პროექტი არსებული აეროპორტის განვითარების ალტერნატივა არაა. კოდუა აღნიშნავს, რომ აეროპორტის მოქმედი ოპერატორის, “ტავ ჯორჯიას” მიერ გამოცხადებული გაფართოება თბილისის აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას დაახლოებით 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის, Air Georgia-სთვის განკუთვნილ სპეციალიზებულ ტერმინალს კი ეტაპობრივი განვითარების შედეგად შეუძლია შექმნას დამატებით დაახლოებით 10 მილიონამდე მგზავრის მომსახურების პოტენციალი.
კომპანიამ შესაბამისი საინვესტიციო ინიციატივით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილობით უკვე მიმართა.
“მსოფლიოში პრაქტიკაა, რომ ყველა ძლიერ ავიაკომპანიას, ეროვნულ ავიახაზებს თავისი საკუთარი ტერმინალი აქვს აეროპორტებში. მაგალითად, მიუნხენის აეროპორტში ტერმინალი 1 ეკუთვნის სხვა კომპანიებს, ტერმინალი მეორე კი ეკუთვნის მხოლოდ ავიაკომპანია „ლუფთჰანზას” და მასთან აფილირებულ „სტარ ალიანსის“ პარტნიორ კომპანიებს. აქედან გამომდინარე, „ლუფთჰანზას” ეძლევა საშუალება განვითარდეს, სატრანზიტო ბმები გააკეთოს უფრო კოორდინირებულად და ვხედავთ შედეგს. ასეთივე ვითარებაა სტამბოლის აეროპორტში „თურქიშ ეარლაინსის“ შემთხვევაშიც.
საქართველოში კი ეროვნულ ავიახაზებს ჩვენი საკუთარი ტერმინალი არ გაგვაჩნია. ჩვენ ერთი საერთო ტერმინალიდან ვოპერირებთ, როგორც უცხო კომპანიები, ისე ადგილობრივი კომპანიები და უკვე დადგა ის დრო, რომ ჩვენც განვვითარდეთ ამ მიმართულებით. „ტავ ჯორჯია“ წარმატებით ემსახურება უცხოურ ავიაკომპანიებს, ჩვენ კი გვაქვს სურვილი და პოტენციალი, რომ ჩვენს კუთვნილ მიწაზე განვავითაროთ ტერმინალი და მგზავრთნაკადი 10-დან 20 მილიონ გავზარდოთ. თუ იქნება აუცილებლობა 40 მილიონ მგზავრზე, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება, რომ დაემატოს ვაზიანის აეროპორტიც, მაგრამ დღესდღეობით 20 მილიონზე თუ არის საუბარი, მსგავსი გამტარუნარიანობის პოტენციალი არსებულ თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც აქვს”, - განაცხადა გიორგი კოდუამ.




























