მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Air India-ს გენერალურმა დირექტორმა, კემპბელ უილსონმა თანამდებობა დატოვა

კემპბელ უილსონი

ავიაკომპანია Air India-ს გენერალურმა დირექტორმა, კემპბელ უილსონმა გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. ინდური გამოცემა Mint-ის ინფორმაციით, მან თანამდებობა ავიაკომპანიაში გამოვლენილი სერიოზული ფინანსური კრიზისის, ასევე მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მკაცრი ზედამხედველობის ფონზე დატოვა.

Air India-ში კრიზისი განსაკუთრებით გასულ წელს მომხდარი იმ ავიაკატასტროფის შემდეგ გამწვავდა, რომელსაც 260 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უილსონი, რომელიც Air India-ს ხელმძღვანელობამდე Singapore Airlines-სს მართავდა კომპანიაში 2022 წელს მიიწვიეს, თუმცა 4-წლიანმა საქმიანობამ რთულ მდგომარეობაში მყოფ აზიურ საავიაციო გიგანტს მნიშვნელოვანი შედეგები ვერ მოუტანა.

Air India-ს ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად იმოქმედა რეგიონულმა პოლიტიკურმა დაძაბულობამაც. როგორც ცნობილია, გასულ წელს პაკისტანმა ინდურ ავიახაზებს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა, რაც კომპანიის შემოსავლებს მძიმე ტვირთად დააწვა. ეს დარტყმა კი ახლა განსაკუთრებით აისახა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა მას შემოსავლის მიღების ალტერნატიული გზებიც ჩაუკეტა. გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, ავიაკომპანიამ არაერთი საყვედური მიიღო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, მათ შორის ხომალდების ექსპლუატაციისთვის შესაბამისი სერტიფიკატების გარეშე ფრენის გამო.

Hindustan Times-ის ცნობით, უილსონის გადადგომის მოთხოვნა დირექტორთა საბჭომ უკვე დააკმაყოფილა, თუმცა იგი პოსტზე მემკვიდრის შერჩევამდე დარჩება. ამ ეტაპზე უცნობია, იპოვა თუ არა კომპანიის მფლობელმა, Tata Group-მა ახალი კანდიდატი, რომელიც ავიაკომპანიის მართვას გადაიბარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები