მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აირ ჯორჯია“ დაბალბიუჯეტური ფრენებისთვის Wizzair-ის მსგავს პირობებს ითხოვს - გიორგი კოდუა

5f8ffe00242a1
ვიქტორია მღებრიშვილი
21.10.20 14:00
1905
ქართულმა ავიკომპანია „აირ ჯორჯიამ“ საქართველოს მთავრობას ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტური ფრენების შესრულების შესახებ პროექტი „აირ ჯორჯია ექსპრესი“ წარუდგინა, თუმცა პროექტის განხილვის შემდეგ, საბოლოო პასუხის გასაცემად ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომპანისგან დრო ითხოვეს.

როგორც კომპანიის მფლობელი გიორგი კოდუა BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, „აირ ჯორჯია“ სახელწმიფოსგან იმ პირობებს ითხოვს, რა პირობებითაც Wizzair ოპერირებს; მოთხოვნა აეროპორტის მოსაკრებელს შეეხება.

„რამდენიმე თვის წინ ჩამოსული იყო Airbus-ის რეგიონალური მენეჯერი და შეხვედრები გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან. მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებდით. შეხვედრის შემდეგ სახელმწიფოს წარვუდგინეთ პროექტი „აირ ჯორჯია ექსპრესის“ სახით, რაც ქუთაისიდან ქართული ავიაკომპანიის მიერ დაბალბიუჯეტიანი ფრენების შესრულებას გულისხმობს. პროექტი მიიღეს, თუმცა დასტური არ ყოფილა. იყო რაღაც ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რის შედეგადაც განვაცხადეთ, რომ „აირ ჯორჯიას“ მიმართაც უნდა იყოს იგივე მიდგომა, რაც Wizzair-თანაა. თუ Wizzair-ს აეროპორტის გადასახადი პირობითად 0 დოლარი ექნება და მე მექნება 10 დოლარი, ეს იქნებოდა კონკურენტების არათანაბარ პირობებაში ჩაყენება. მე რომ გავყიდო ბილეთი 30 ევროდ და მან 20 ევროდ, 10 ევროს მე აეროპორტში ვიხდი და ანუ ის ჩემზე წინაა, რაც დარღვევაა. რითია ქართულ კომპანიაზე უკეთესი Wizzair, თუ უკეთესია, მაშინ არ ვაპირებ ფრენებს და ვიფრენ მხოლოდ თბილისიდან“, - განაცხადა „აირ ჯორჯიას“ მფლობელმა.

გიორგი კოდუა ამბობს, რომ ბოლო შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან სექტემბერში შედგა. ის იმედოვნებს, რომ საკითხი ერთ თვეში გადაწყდება.

„ეს საკითხი მთავრობამ უნდა განიხილოს და თუ დათანხმდებიან, იგივე პირობები შემომთავაზონ რაც "ვიზეარს" აქვს, მზად ვარ, დავბაზირდე ქუთაისში და განვახორციელო დაბალბიუჯეტური ფრენები ევროპის ნებისმიერი მიმართულებით. თუ იქნა უარი, „აირ ჯორჯიას ექსპრესის“ პროექტი აღარ განხორციელდება და ვიქნებით მხოლოდ თბილისში, ხოლო იმ თვითმფრინავებს, რომლებიც ქუთაისის აეროპორტისთვის უნდა ჩამოვიყვანოთ, გავუშვებთ გერმანიაში, სადაც საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა, იქ დავაბაზირებთ თვითვმფრინავებს და ვიფრენთ ევროპაში", - აცხადებს კოდუა.

მისი ინფორმაციით, დადებითი პასუხის შემთხვევაში, „აირ ჯორჯია ექსპრესი“ დაბალბიუჯეტურ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან არამხოლოდ ევროპის ქვეყნების მიმართულებით, არამედ კიევის, თურქეთის, მოსკოვის და თელ-ავივიშიც შეასრულებს.

ცნობისთვის, ავიკომპანია 2021 წლის მარტ-აპრილამდე 7 AIRBUS-ის თვითმფრინავის შემოყვანას გეგმავს, საიდანაც 2-ის ბაზირება ქუთაისში უნდა მოხდეს, დანარჩენი თვითმფრინავები კი, თბილისის აეროპორტიდან იფრენენ. პროექტი ქართულ-არაბული 100-150 მლნ დოლარის ინვესტიციით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ 2 AIRBUS A-320-ის თვითმფრინავები კომპანიას გუშინ უნდა ჩამოეყვანა, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები