აჭარაში შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის ორი კვარტალის მონაცემით, 56.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მონაცემები აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრისას წარადგინა.
როგორც ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით, განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 9.7%-ით.
ამასთან, აჭარის მთავრობის ინფორმაციით, Airbnb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, კერძო ბინების დატვირთულობა 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 58%-ით.
ცნობისთვის, ბათუმი სექტემბრის ბოლოს მსოფლიო ტურიზმის გალა დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards-ის ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.