2025 წლის დუბაის საავიაციო შოუზე flydubai-სა და Airbus-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც Reuters-ი იტყობინება, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი სახელმწიფო საავიაციო კომპანია ამერიკული კომპანიისაგან 150 ერთეულ A321neo ტიპის თვითმფრინავს შეიძენს. ამ გარიგების მოცულობა კი $24 მილიარდი დოლარი იქნება. არსებული ინფორმაციით, ევროპული კომპანია flydubai-სთვის ხომალდების გადაცემას 2031 წლიდან დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ flydubai-მ Airbus-თან კონტრაქტი არსებობის ისტორიაში პირველად გააფორმა. აქამდე კომპანია Boeing-ის აქტიური დამკვეთი იყო და საკუთარი საჰაერო ფლოტიც სწორედ ამერიკული საავიაციო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდებისგან ჰქონდა დაკომპლექტებული. როგორც flydubai-ს აღმასრულებელი დირექტორი, ღაიტ ალ ღაიტი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული კომპანიის მიერ შემოთავაზებული ხომალდების ხელმისაწვდომი ფასი, ზომა და მოცულობა გახდა. თუმცა ღაიტმა Boeing-თან თანამშრომლობის მომავალში გაგრძელება არ გამორიცხა.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ მედიასთან კომენტარი Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან შერერმაც გააკეთა. მან flydubai-ს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანია მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს. როგორც მან განმარტა, A321neo საკუთარ კატეგორიაში უალტერნატივოა არამარტო მისი წარმადობის, არამედ ხარჯთეფექტურობის კუთხითაც.




























