მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აირჩიე ევროპა“ - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

აირჩიე ევროპა

დღეს ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობასაირჩიე ევროპაჰქვია და როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

სამოქალაქო მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე; თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა; ექსპერტი გიორგი რუხაძე; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი; ბიზნესმენი ივა ჭყონია.

როგორც დაანონსდა, 18 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე ახალი ერთობა გაშლის კამპანიას - 100 დღე გამარჯვებამდე. უფრო დეტალურად, მოძრაობის თანახმად, 100-დღიანი უწყვეტი ევროპული მარათონის ფარგლებში განხორციელდება:

ევრომობილი

ევრომობილები ივლიან მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავლენ 200-ზე მეტ ქალაქსა თუ სოფელში, ჩაიყვანენ საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ, სხვადასხვა პროფესიის გამორჩეულ წარმომადგენელს, რომლებიც მოსახლეობას აუხსნიან თუ რატომ და როგორ ავირჩიოთ ევროპა.

თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის

ციფრული საქართველოს ყველა პლატფორმაზე იქნება უწყვეტი მარათონი - თაობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სადაც ყველა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ პოზიციას; რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდენს ხმას თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, რატომ არის მომავალი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი ევროპასა და რუსეთს შორის და როგორ ავირჩიოთ ევროპა.

ემიგრანტის ხმა

ემიგრანტების უშუალო ყურადღების ცენტრშია დღეს საქართველო. სიმრავლიდან და პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათმა აქტიურობამ შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ამიტომ, ემიგრანტის ხმა იქნება კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც მიეხმარება საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო რეგისტრაციაში, არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდასა თუ ხმების დაცვაში.

ევროპის ახალგაზრდა ელჩები

გაზაფხულზე უპრეცედენტო აქტიურობით, თვითორგანიზებითა და თავდადებით ახალგაზრდებმა ქვეყანას გამარჯვების რწმენა და ერთობის განცდა დაუბრუნეს. სწორედ ეს ახალგაზრდები იქნებიან ევროპის საუკეთესო ელჩები მათ მშობლიურ ქალაქებში, დაბებსა თუ სოფლებში. ისინი რუკაზე მონიშნავენ საკუთარ თავს, მიიღებენ შესაბამის საინფორმაციო მხარდაჭერას და ჩაებმებიან დიდ ევროპულ მარათონში, მეზობლის, ახლობლისა თუ მეგობრის ევროპული არჩევანის მნიშვნელობასა და სიკეთეებში დასარწმუნებლად.

დღეს გამართულ ღონისძიებას 500-მდე ადამიანი დაესწრო, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი სხვადასხვა სახეები, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, ბიზნესისა თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზენტაციის ბოლო მონაწილეებმა სიმბოლურად „საქართველოს მოქალაქის მანიფესტს“ მოაწერეს ხელი, რომელიც ევროპული გზის ერთგულებასა და ევროპულ არჩევანს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები