საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ცოტა დრო გაყინული მდგომარეობიდან გამოსასვლელად და პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ ევროპულ გზას დავუბრუნდეთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ახალი სამოქალაქო მოძრაობის „აირჩიე ევროპა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით მიწვეული სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ევროპისკენ გზა გაყინა, რითაც კონსტიტუციას გადაუხვია.
„დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც ამით ქვეყნის კონსტიტუციას გადაუხვია და უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ოცნება მოიყვანა სათავეში, შემდეგ კანდიდატი ვიყავი არჩევნებზე, ყველა ეს კამპანია სწორედ იმაზე იყო აგებული, რომ გვეჩვენებინა ევროპული სახელმწიფო. მათ გადაუხვიეს ამ გზას. დღეს რაც ხდება, ნატო-ს სამიტზე, ის განცხადებები რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო - 100 დღე, ეს ცოტაც არის და ბევრია იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა, მე როგორ პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი.
ეს ქვეყნის ბედის, ჩვენი მომავლის არჩევანია. ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი, რომელშიც ერთი მხრივ, არის საქართველოს საზოგადოება, მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელმაც ჩვენს მომავალ უზურპაცია გაუკეთა. ამაზე არ შეიძლება დავთანხმდეთ. საჭიროა, რომ გავერთიანდეთ და შევასრულოთ ის ქარტია, რომელსაც პარტიებმა ხელი მოაწერეს და თუ არ მოაწერეს, ამბობენ, რომ ეთანხმებიან. არჩევნების შემდეგ ძალიან ცოტა დრო იქნება იმისთვის, რომ შევასრულოთ, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან და პარტნიორები დავაჯეროთ, რომ გზას დავუბრუნდით და ხელახლა უნდა გაგვიხსნან ყველა კარი, რაც დღეს არის ნახევრად მიხურული. ეს გარდაუვალი ამოცანაა, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ვართ ძალიან ბევრნი, ერთიანნი და საქართველო გაიმარჯვებს", - თქვა ზურაბიშვილმა.
დღეს ახალი ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს. მოძრაობას „აირჩიე ევროპა“ ჰქვია და როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, მისი მიზანია დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლები არიან: უსაფრთხოების ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე; თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა; ექსპერტი გიორგი რუხაძე; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი; ივა ჭყონია.