თუკი Apple-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი უდავოდ iPhone-ია, მეორე ადგილს არავის უთმობს AirPods-ი, რომლის გაყიდვებით ამერიკულმა გიგანტმა მხოლოდ შარშან $22 მილიარდის შემოსავალი მიიღო. Apple-ის ჭკვიანი ყურსასმენები წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება, ხოლო კომპანია ახალ-ახალ ფუნქციონალს ამატებს.
ბოლო საშემოდგომო პრეზენტაციაზე, სადაც ტიმ კუკმა iPhone 16 წარმოადგინა, Apple-მა AirPods-ის სასმენ აპარატად გადაქცევის პროცესი დააანონსა, ხოლო თავად მოწყობილობაში სმენის დაცვის ფუნქცია გამოჩნდა, რომლითაც ადამიანს სმენის დიაგნოსტირება შეუძლია.
ამიერიდან, როგორც ჩანს, Apple-ის ყურსასმენები კიდევ ერთხელ განახლდება. Apple-ის ინსაიდერის, მარკ გარმენის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამოსაშვებ iOS19-თან ერთად AirPods-ებს LIVE-თარგმნის ფუნქციონალი დაემატება. პროცესი ასეთი იქნება: ინგლისურენოვანი ადამიანი AirPods-ებს გაიკეთებს და ესპანურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს მოუსმენს, ხოლო ყურსასმენი, Siri-ის დახმარებით, ესპანურს LIVE-რეჟიმში ინგლისურად თარგმნის. მას შემდეგ, რაც მოსაუბრე პასუხს ინგლისურად გასცემს, მისი iPhone-ი მას ესპანურად თარგმნის — ენები, რომლებიც ამ მაგალითში არის გამოყენებული, პირობითია.
ამ ფუნქციონალში რევოლუციური არაფერია, რადგან Google-ის ყურსასმენებში LIVE-თარგმანის ფუნქციონალი ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა. თავად Apple-მა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ასევე 2020 წელს გადადგა, როცა iOS14-თან ერთად სათარგმნი აპლიკაცია გამოუშვა, მაგრამ მას შემდეგ ამ მხრივ ძვრები აღარ გვინახავს.
აქვე ორიოდ სიტყვა თავად AirPods-ზე, რომელიც პოპულარობას დიდწილად იმის გამო ინარჩუნებს, რომ ამერიკული კომპანია ხშირად უშვებს მის პროგრამულ განახლებას, ანუ ადამიანებს არ უწევთ თავად ყურსასმენების ხშირი გამოცვლა. მიუხედავად ამისა, AirPods-ების ფუნქციონალი და დიზაინი წლიდან წლამდე მცირედით იცვლება. გასულ წელს, ასეთი განახლება AirPods-ის სასმენ აპარატად გადაქცევა იყო და თუ Bloomberg-ის მარკ გარმენს დავუჯერებთ, მომდევნო წლებში Apple-ისგან არც კამერით აღჭურვილი ყურსასმენი უნდა გაგვიკვირდეს.