მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა - რა გახდა მიზეზი

SoftBank

უოლ-სტრიტზე ტექნოლოგიური აქციების გაყიდვების ფონზე, ოთხშაბათს დილით აზიის საფონდო ბირჟებზე ამავე სექტორის კომპანიების ღირებულება მკვეთრად დაეცა. ვარდნა ყველაზე მეტად იაპონური ნახევარგამტარების მწარმოებლებს და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინვესტორ SoftBank Group-ს შეეხოთ.

კერძოდ, SoftBank-ის აქციების ფასი 15%-ით შემცირდა. იაპონიის ნახევარგამტარების სექტორში კი ყველაზე მკვეთრი ვარდნა განიცადა კომპანია Advantest-მა, რომელიც Nvidia-ს ჩიპების სატესტო აღჭურვილობით ამარაგებდა. მისი აქციების ფასი 13%-ით შემცირდა. 12.82%-ით დაეცა Tokyo Electron-ის აქციების ღირებულება, რომელიც ჩიპების საწარმოო აღჭურვილობას Nvidia-ს პარტნიორ TSMC-ის აწვდის.

ამას გარდა, ნახევარგამტარების ინსპექტირების აღჭურვილობის მწარმოებელმა Lasertec-მა ღირებულების 11.23% დაკარგა. აღსანიშნავია, რომ წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვა იაპონური მწარმოებლებიც: Disco Corporation-ის აქციების ფასი 9.41%-ით დაეცა, Renesas Electronics-ის კი - 9%-ით.

აღსანიშნავია, რომ ნეგატიური ტენდენცია სამხრეთ კორეისა და ტაივანის ტექნოლოგიურ ბაზრებზეც გავრცელდა. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის განკუთვნილი მეხსიერების ჩიპების მთავარმა მიმწოდებლებმა, Samsung Electronics-მა და SK Hynix-მა, ღირებულების 8%-ზე მეტი დაკარგეს. ამავე ქვეყნის ტექნოლოგიური კომპანიის, LG Innotek-ის აქციების ფასი კი 5%-ით შემცირდა.

ტაივანის ბირჟაზე Hon Hai Precision Industry-ს აქციები 8.6%-ით დაეცა, TSMC-ის - 7%-ით, ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელი Foxconn Technology-ს ღირებულება კი 4.93%-ით შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე არსებული პესიმიზმი ხელოვნური ინტელექტის სექტორში ინვესტიციების უკუგებასა და კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებულ კითხვებს უკავშირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიას არ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამართლდება კოლოსალური ხარჯები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები