მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 553 ათასი დარეგისტრირდა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
მისივე თქმით, გრძელდება იუსტიციის სახლების მშენებლობა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აშენდა 6 ახალი იუსტიციის სახლი.
„იუსტიციის სახლების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 125 შეადგინა. აქაც მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით. 10-ჯერ არის გაზრდილი იუსტიციის სახლების რაოდენობა და ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მალე იუსტიციის სახლები მოიცავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. გარდა ამისა, წარმატებით მოქმედებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომელიც 143 სოფელში არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დაფარულია იუსტიციის სახლების მომსახურებით, დაახლოებით 500 მომსახურებას უწევენ იუსტიციის სახლები ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























