კომპანია „იელთი ჯგუფის“ კომერციული დირექტორის თქმით, ბათუმში ასაშენებელი უძრავი ქონების ათვისებას ტურისტების ახალი ბაზრებიდან მოზიდვა სჭირდება. ვალერი გურგენიძის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ბაზრებზე მოხდეს ქალაქის მიმართ ცნობადობის გაზრდა, რაშიც კერძო სექტორთან ერთად ფინანსები ადგილობრივმა მთავრობამაც უნდა გამოყოს.
„ბევრი მიმდინარე გამოწვევაა და ვთვლი, რომ დაგეგმვის ეტაპზე ვართ. ბათუმს სჭირდება პროდუქტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ცრუ მარკეტინგული დაპირებები ცუდი ფაქტორია, რასაც ბაზარზე ვხვდებით. ასევე ცუდი ფაქტორია კონკრეტულ მიმართულებებზე ბიზნესზე მიბმა. პროდუქტშიც უნდა შევიტანოთ ცვლილება და ახალი შინაარსი უნდა შევძინოთ კონკრეტულ ლოკაციას. ამის გარეშე ვერ მოვიწვევთ ახალ ტურისტების იმ რაოდენობას, რაც სჭირდება ქალაქს არსებული მიწოდების დასაკმაყოფილებლად. ეს ეხება ინფრასტრუქტურას, სერვისებს. ვცდილობთ ბაზრის დივერსიფიკაციას, თუმცა უსაფრთხოების რისკები გვაქვს სულ, ამას ვერ გავექცევით. ასევე გამოწვევაა ცნობადობა იმიტომ ვეძებთ სულ ახალ ბაზრებს, თუმცა მხოლოდ სექტორი ამას ვერ გაუმკლავდება იმდენად დიდ ინვესტიციაზეა საუბარი.
კონსოლიდირებული მარკეტინგული აქტივობები ქალაქის და არა კონკრეტული პროექტების უნდა გავაკეთოთ და დავაფინანსოთ. უნდა დადგინდეს ახალი შინაარსების შეძენის ხედვა, რათა ამან მოიზიდოს მეტი ადამიანი. ამ მიწოდებას ეს ახალი რაოდენობა თუ არ შევმატეთ, ვერ დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა გურგენიძემ კონფერენცია „გრემოზე.“