“ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია „ხედვა- 2030“ მოქმედი იყო, თუმცა არ პასუხობს კითხვას, რატომ გახდა საჭირო ახალი სტრატეგიის შემუშავება, როდესაც ღარიბაშვილის შემუშავებული დოკუმენტი 2030 წლამდეა მოქმედი.
კობახიძე ღარიბაშვილის "ხედვა 2030"-ს საქართველოს განვითარების 2026-2036 წლების სტრატეგიით ცვლის
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი ლაკონური და კომპაქტური იქნება.
„[არსებული სტრატეგია] კი, მოქმედი იყო 2030 წლის ჩათვლით. რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, ის მომდევნო 10-წლიანი პერიოდისთვის მომზადდება 2026-2035 წლებისთვის, შესაბამისად აქ პრიორიტეტები შემდეგი 10 წლისთვის იქნება ასახული. რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, პირადად მე ასე მაქვს წარმოდგენილი, ამაზე ბუნებრივია საუბარი გვექნება მინისტრებთან ერთად.. მგონია, რომ ეს ძალიან ლაკონური დოკუმენტი უნდა იყოს, თითოეული პრიორიტეტი კომპაქტურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ დღევანდელი დღიდან რა შედეგზე უნდა გავიდეთ 10 წელიწადში. ამას სამოქმედო გეგმა კონკრეტული ვადებით დაერთვება. ძალიან ლაკონური, კომპაქტური დოკუმენტი იქნება, სადაც ზუსტად განისაზღვრება ის შედეგები, რომელსაც ქვეყანამ 10-წლიან პერსპექტივაში უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა კობახიძემ.




























