დამოუკიდებელ კონსულტანტ კახა სამყურაშვილის შეფასებით, იმისთვის, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დარჩეს პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ყველაზე უმტკივნეულო გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
თავის შეფასებაში დამოუკიდებელი კონსულტანტი გასულ წლებში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის მიზეზებს ასახელებს და ამბობს, რომ დღეისთვის მიგრაციის ეფექტის ასახვა ეკონომიკაზე სრულდება, თუმცა ამ ცვლილებებს საახალწლო პერიოდი შეუმჩნეველს ხდის. 2025 წლის გაზაფხულიდან კი კრიზისი ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაში აისახება.
"ეკონომიკა, ძველი და ახალი წელი
ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად ძალიან სწრაფად გაიზარდა.
საგულისხმოა, რომ ზრდა მეტწილად მიგრაციის დინამიკამ განაპირობა: 2022-23 წლებში, 100,000-მდე მაღალშემოსავლიანი ადამიანი (ძირითადად რუსეთიდან) გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში, რომლებმაც ჩაანაცვლეს ემიგრაციაში წასული საქართველოს დაახლოებით ამდენივე დაბალშემოსავლიანი მოქალაქე. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწრაფი ზრდის ეტაპი სრულდება, რამე თუ პოლიტიკური კრიზისის ეფექტები მალე აისახება ეკონომიკაზე.
ამჟამად, ცვლილებებს ფაქტობრივად შეუმჩნეველს ხდის ახალი წლის ეკონომიკა და ეს ინერცია კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. თუმცა, 2025 წლის გაზაფხულიდან პოლიტიკური კრიზისი თანდათან აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაში.
იმისთვის რომ, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა თუნდაც 5%-ის ფარგლებში დარჩეს, საჭიროა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი და რაც შეიძლება მალე. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი კი ერთადერთია: ახალი და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.
ახალი არჩევნები არის კრიზისის დაძლევის ყველაზე უმტკივნეულო და უსაფრთხო გზა, ყველა მხარისთვის", - წერს კახა სამყურაშვილი.
ინფორმაციისთვის: "ოცნების" მთავრობა 2025 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის.