მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი აუზი და ატრაქციონები... - რა გეგმები აქვს "ჯინო აკვაპარკს" 2026 წლის სეზონისთვის?

ჯინო

„ჯინო აკვაპარკი“ 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის მასშტაბურ განახლებებს გეგმავს. კომპლექსის მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამთა სექანია BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აკვაპარკს ახალი აუზები და ატრაქციონები დაემატება, რაც არსებული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაფართოებასა და მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ინვესტიციას, მისი თქმით, დაგეგმილი ინვესტიციის ოდენობა კონფიდენციალურია, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურა არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.

„განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი აუზებისა და ატრაქციონების დამატება, რაც კომპლექსს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და საინტერესო გახდის“, – აღნიშნა თამთა სექანიამ და დასძინა, რომ გარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა, კომპანია მთელი ზაფხულის განმავლობაში მრავალფეროვან გასართობ ღონისძიებებსაც გეგმავს.

მისივე თქმით, კომპლექსში ამჟამად 320 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ზაფხულის სეზონზე სამუშაო პროცესი კიდევ უფრო აქტიურდება.

„ჯინო აკვაპარკის“ ვიზიტორთა სტრუქტურაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, თუმცა დაახლოებით 30% უცხოელი ტურისტები არიან.

"2025 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინფრასტრუქტურულმა განახლებამ, ახალი აქტივობების დამატებამ და მომხმარებელზე მორგებულმა შეთავაზებებმა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მუდმივად სტუმრის კომფორტზე, გამოცდილებასა და სიახლეებზე ზრუნვაა.

მომხმარებლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი ვიზიტორია, თუმცა დაახლოებით 30% უცხოელ ტურისტებზე მოდის. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს და კონკრეტული მიმართულების გამოყოფა რთულია, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მრავალფეროვანია", – აღნიშნა მან.

თამთა სექანიას თქმითვე, კომპანია 2026 წლის ზაფხულის სეზონს მაღალი მოლოდინებით ხვდება და მიიჩნევს, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა და ახალი აქტივობები ვიზიტორთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

„მოხარულები ვართ, რომ „ჯინო აკვაპარკი“ დღეს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სამუშაო სივრცედ ითვლება, სადაც თანამშრომლებს განვითარების, კარიერული წინსვლისა და პოზიტიურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ. 2026 წლის ზაფხულის სეზონისგან ძალიან დიდ მოლოდინებს ვამყარებთ“, – განაცხადა თამთა სექანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები