ევროპულ ბაზარზე ბიოპროდუქტის რეალიზებისთვის მწარმოებელს შესაბამისი სერტიფიკატი სჭირდება, რომელიც პროდუქტის წარმოების სრულ ციკლს ადასტურებს. წნორში მდებარე ბიომეურნეობა „კახეთი ბიოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლიზი ხმიადაშვილი BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აღნიშნავს, რომ სერტიფიცირება მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, თუმცა სწორედ ის განსაზღვრავს პროდუქტის ბიოსტანდარტებთან შესაბამისობას და მომხმარებლის ნდობას.
„ევროპის ბაზარი იმდენად გაჯერებულია პროდუქტებით, რომ რთულია ადგილის დამკვიდრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ სისუფთავე, არამედ ეკოლოგიური ხარისხი, რასაც შესაბამისი სერტიფიკატი უნდა მოჰყვეს. სერტიფიკატის მისაღებად დიდ შრომას, ენერგიასა და ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი – ის წარმოების მთელ ციკლს მოიცავს“, – ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.
მისივე განმარტებით, ბიოსტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება წარმოების ყველა ეტაპს მოიცავს – ნიადაგისა და ნერგების შერჩევიდან პროდუქტის მოყვანასა და გადამუშავებამდე. შესაბამისად, მხოლოდ მზა პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმება წარმოების პროცესის შესაბამისობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის.
ხმიადაშვილის შეფასებით, სერტიფიცირების ხარჯი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა მცირე მწარმოებლებისთვისაც, რომლებსაც შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სერტიფიკატის მიღების ფინანსური რესურსი ხშირად არ აქვთ.
კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზეც იზრდება, თუმცა სექტორის განვითარებას მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ნდობის ნაკლებობა აფერხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რას ადასტურებს ბიო სერტიფიკატი და როგორ შეიძლება პროდუქტის შესაბამისობის გადამოწმება.
„ბოლო 30 წელია ამ სფეროში ვართ მეც და ჩემი მეუღლეც და ქართულ ბაზარზე ბიოპროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის დინამიკას ვხედავთ. პრობლემა უფრო სანდოობის ნაკლებობაა. აუცილებელია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ თუ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა ან ბიოპროდუქტად არის წარმოდგენილი, ამას შესაბამისი სერტიფიკატი უნდა ადასტურებდეს. ამასთან, მეტ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა, რადგან ეს საკმაოდ ძვირია. მოთხოვნა არსებობს, თუმცა საჭიროა ცნობადობისა და ნდობის გაზრდა“, - აღნიშნავს ხმიადაშვილი.
























