ბიომეურნეობებში ტექნოლოგიების ნაკლებობა წარმოებას აძვირებს, რადგან საქართველოში ბევრი პროცესი კვლავ ხელით სრულდება.
ამის შესახებ წნორში მდებარე კომპანია „კახეთი ბიოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ლიზი ხმიადაშვილი BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საუბრობს. სექტორის გამოწვევებს შორის ის ბიომეურნეობების სახელმწიფო მხარდაჭერისა და საერთაშორისო თანადაფინანსების პროექტების შემცირებასაც ასახელებს.
„ძირითადი გამოწვევა ტექნიკა და ტექნოლოგიებია. ევროპაში ბიომეურნეობის ტექნოლოგიური აღჭურვილობა იმდენად დახვეწილია, რომ ხელით შრომა მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქით ხდება და შესაბამისად, წარმოების თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. თუ ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება, მწარმოებელს თავად გაუჩნდება ტექნოლოგიების დანერგვის მოტივაცია. ასე მოხდა ხორბლის წარმოებაში, შედარებით განვითარდა ბოსტნეულის წარმოებაც და სარწყავი ტექნოლოგიები“, – ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.
მისივე შეფასებით, ბიოწარმოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც სექტორის ტექნოლოგიური განახლება, ისე ფინანსური მხარდაჭერა. ხმიადაშვილი აღნიშნავს, რომ „კახეთი ბიოს“ საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში საერთაშორისო თანადაფინანსების პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა მსგავსი პროგრამები შემცირებულია.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის თანადაფინანსებით მოწყობილმა სათბურებმა მეურნეობის განვითარებას ხელი შეუწყო. მისი შეფასებით, საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიომეურნეობებისთვის ქმნის დამატებით ბარიერს, რადგან მათ ტექნოლოგიურ განახლებასა და წარმოების გაფართოებისთვის საკუთარი ფინანსური რესურსი ხშირად არ ჰყოფნით.
„ევროკავშირის თანადაფინანსებით სათბურები გავაკეთეთ, რამაც ძალიან წინ წაგვწია. ასეთი პროექტები, სამწუხაროდ, შემცირებულია. საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში იკლო. ეს ჩვენნაირი ფერმერებისთვის პრობლემაა, რადგან ამგვარი პროგრამები მეურნეობებს განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნავს ხმიადაშვილი.
„კახეთი ბიო“ 2014 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივი ვარდისგან დამზადებულ პროდუქციას გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ყიდის. კომპანია წარმოების გაზრდასა და ექსპორტის ეტაპობრივ გაფართოებას გეგმავს. ვარდის პლანტაციების ნაწილი ჯერ სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული, რაც მომავალში მოსავლის ზრდის შესაძლებლობას ქმნის. პარალელურად, კომპანია ქართულ ბაზარზე ვარდის წყლის შეთავაზებასაც გეგმავს.
























