მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი CFD აუქციონის ფარგლებში გადაიხედება ტარიფები და დაემატება ახალი პროექტები - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმის ამოქმედება იგეგმება. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ მაია მელიქიძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ახალი CFD აუქციონი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წინა ორი აუქციონის შედეგად განსაზღვრული სატარიფო პოლიტიკა გადაიხედება და ახალი ენერგეტიკული პროექტებიც დაემატება. ცვლილებების საჭიროებას სექტორში არსებული საინვესტიციო პირობებით ხსნიან.

მელიქიძის განმარტებით, მოქმედი მედიანური ტარიფი კერძო ინვესტორებისთვის უკვე აღარ არის მიმზიდველი, რადგან ინვესტიციების ამოღების პერიოდი გაიზარდა.

"რეალურად, ყალიბდება ახალი მექანიზმი, რომელსაც ჰოლანდიურ მოდელს ვუწოდებთ. პირველი და მეორე CFD აუქციონების შედეგად დათვლილი მედიანური ტარიფი დღეს უკვე ვეღარ აკმაყოფილებს კერძო სექტორის მოთხოვნებს. საკითხი იმას ეხება, რომ გაიზარდა ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი, რაც იმდენად დიდი დარტყმაა სექტორისთვის, რომ ამ მოცემულობის გადახედვა დღის წესრიგში დადგა. რა თქმა უნდა, ჰიდროენერგეტიკას აქვს გამოწვევები და საქართველო ამის წინაშე უკვე მრავალი წელია, დგას. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რეგიონებში არსებული პრობლემები, სადაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობაც. ჩვენი ინფორმაციით, ახალი CFD აუქციონი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდება, მის ფარგლებში გადაიხედება წინა აუქციონების სატარიფო პოლიტიკა და დაემატება ახალი პროექტებიც",- დასძინა მაია მელიქიძემ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო ენერგეტიკის დარგის მხარდამჭერ ახალ მოდელზე მუშაობს. ახალ მექანიზმთან დაკავშირებით დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია: ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები