კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ჩიპი, რომლითაც პარალიზებულმა ადამიანმა პროთეზული ხელის მართვა ფიქრით შეძლო. როგორც კვლევის აღწერაში ვკითხულობთ, პაციენტი წარმოიდგენდა იმ მოქმედებას, რომლის შესრულება სურდა, რის შემდეგაც პროთეზული ხელი ამ ქმედებას იმეორებდა.
პაციენტმა, რომელიც სრულად პარალიზებული იყო და ვერც მეტყველებდა, შეძლო, როგორც სხვადასხვა ნივთების აღება და გადაადგილება, ასევე კარადის გახსნა, ჭიქის გამოტანა და დისპენსერიდან წყლის ჩამოსხმა.
თავად ეს ტექნოლოგია, რომელიც თავის ტვინის კომპიუტერული ინტერფეისის (BCI) სახელითაა ცნობილი არახალია, მაგრამ შედეგი, რომელიც მეცნიერებმა დააფიქსირეს გაცილებით ხანგრძლივი იყო. თუკი ჩვეულებრივი BCI-ების შემთხვევაში, პროთეზული ხელის კონტროლი ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ახალი ჩიპის მიმღებმა პაციენტმა პროთეზული ხელის გამოყენება შვიდი თვის განმავლობაში ისე შეძლო, რომ ტექნიკური გუნდის ჩარევა არ დასჭირვებია.
ამ უპირატესობას მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის დასწავლის მოდელით ხსნიან, რომელიც ჩართული იყო არამხოლოდ კონკრეტული ბრძანებების აღსრულებაში, არამედ პაციენტის თავის ტვინში მიმდინარე ნეირონული პროცესების აღწერაში. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ისწავლა არამხოლოდ ნეირონების ამოცნობა, არამედ ის ძალიან მცირე ცვლილებებიც დაისწავლა, რომლებიც ადამიანის თავის ტვინში ყოველდღიურად მიმდინარეობად, რამაც პროცესის კალიბრაციის საშუალება მისცა.




























