კიბერუსაფრთხოების ამერიკული გიგანტის, Palo Alto-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკეშ არორამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელება არარეალისტურად შეაფასა. ამასთან, ის კაცობრიობის განადგურების 10%-იანი ალბათობის შესახებ დარგის მკვლევართა პოზიციას არ იზიარებს და დასახელებულ საფრთხეს არასერიოზულად მიიჩნევს.
რაც საინტერესოა, Palo Alto-ს ხელმძღვანელი მეტოქე კომპანიების მიერ განვითარების პროცესის შენელების მოთხოვნას მარეგულირებლებისგან სიმპათიის მოპოვებისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მცდელობად აფასებს. მისი აზრით, ეს ბიზნესში ბინძური ტაქტიკაა, რომელსაც ამჟამად OpenAI და Anthropic AI მიმართავენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ არორას პოზიციას კომპანია Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგიც იზიარებს. მათი შეფასებით, ახალი რეგულაციების დაწესების ნაცვლად, ტექნოლოგიის უსაფრთხოდ ტესტირებაზე პასუხისმგებლობა თავად შემქმნელებმა უნდა აიღონ.
ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებას კომპანია Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორი, დარიო ამოდეი ითხოვს. მის პოზიციას ტექნოლოგიური სექტორის სხვა ლიდერებიც, მათ შორის OpenAI-ს ხელმძღვანელი სემ ოლტმენი, SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი და Google DeepMind-ის პრეზიდენტი დემის ჰასაბისი იზიარებენ.
























