ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft-ი ხელოვნური ინტელექტის სფეროში პასუხისმგებლიანობის გაუმჯობესების მიზნით, ქცევის კოდექსის ახალ პროექტს აქვეყნებს, რომელიც საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების განვითარებაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება Microsoft-მა Anthropic-ისა და OpenAI-ის ხელმძღვანელების მიერ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე მიიღო.
როგორც ირკვევა, ახალი სახელმძღვანელო პრინციპების მომზადებაზე კომპანია დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნება მიმდინარე დისკუსიების ფონზე დაჩქარდა. Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, მუსტაფა სულეიმანმა აღნიშნა, რომ საზოგადოებისგან მიიღეს უკუკავშირი, სადაც მომხმარებლები ტექნოლოგიის ადამიანური შესაძლებლობების ჩანაცვლების ნაცვლად, მის სამსახურში ჩაყენებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, წესები მიზნად ისახავს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების თავიდან აცილებასა და ადამიანური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
დოკუმენტის თანახმად, Microsoft AI-ის იარაღის წარმოებასთან, საფრთხის შემცველი ნივთიერებების მოპოვებასთან, არაჯანსაღ კვებასთან, ძალადობასა თუ ინტიმური შინაარსის კონტენტის გენერირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამუშავება აეკრძალება.
ამასთან, სისტემას საკუთარი მიზნების დასახვა ან საკუთარი ქმედებებისა და აზროვნების ჯაჭვის დაფარვა ეზღუდება. კოდექსი ასევე კრძალავს მოდელების ადამიანისთვის გაუგებარი ფორმით კომუნიკაციას, როგორც შიდა პროცესებში, ისე სხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემებთან ურთიერთობისას.
საყურადღებოა, რომ Microsoft-ი ასევე გეგმავს უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების დანერგვას, რაც OpenAI-ის მოდელების მიერ სტარტაპ Hugging Face-ზე განხორციელებული კიბერშეტევის მსგავს ინციდენტებს აირიდებს.
























