მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ფაქტები და გარემოებები ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ

bga
21.11.24 11:55
34231

შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-იანი პარტნიორი შპს „საქართველოს განათლების ჯგუფისგან” მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, პუნქტობრივად პასუხი გაეცა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სახელით მედიაში, მათ შორის, BMG-ზე სხვადასხვა პერიოდში გავრცელებულ ბრალდებებს.

საქმე ის არის, რომ ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ დავით ცეცხლაძემ 2019 წელს გაყიდეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70% და ამის სანაცვლოდ „განათლების ჯგუფისგან“ 29 მილიონი ლარი მიიღეს. პარტნიორებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, მოქმედი დირექტორი ნათია ჯანაშია სკოლის დირექტორის პოზიციაზე 5 წლის ვადით დარჩებოდა. შემდეგ კი, „განათლების ჯგუფი” განიხილავდა და გადაწყვეტდა დირექტორის ცვლილების საკითხს.

გიზიარებთ “საქართველოს განათლების ჯგუფისგან” მიღებულ ინფორმაციას სხვა დამატებითი გარემოებების შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, ნათია ჯანაშიას განცხადება იმის თაობაზე, რომ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ მასთან და მის მეუღლესთან, დავით ცეცხლაძესთან, კონტრაქტის არ გახანგრძლივება და ახალ დირექტორად იოჰან ვან ლილის დანიშვნა, სკოლის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის რისკს წარმოშობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ, განათლების ჯგუფი ადასტურებს, რომ ახალი დირექტორის დანიშვნის პროცესი დაწყებულია. ბატონი იოჰანეს ვან ლილთან ერთად განათლების ჯგუფი გეგმავს სკოლის განვითარებაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც მიმართული იქნება არსებული თანამშრომლებისთვის და მოსწავლეებისთვის უკეთესი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნისკენ.

რაც შეეხება ბრიტანეთის საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) და მათ ოფიციალურ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორის ცვლილება წინასწარ თანხმობას არ საჭიროებს, COBIS-ის ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს COBIS-ის დირექტორი აწერს, ადასტურებს, რომ მსგავს საფრთხეზე საუბარი უბრალოდ საფუძველს მოკლებულია. COBIS-ი ადასტურებს, რომ მათთვის მისაღებია ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, რომლის დანიშვნასაც “განათლების ჯგუფი” აპირებს სკოლის დირექტორად და, შესაბამისად, COBIS-ი აპირებს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც განათლების ჯგუფთან, ისე ახალ მენეჯმენტთან.

უსაფუძვლო აღმოჩნდა ნათია ჯანაშიას ის ბრალდებაც, თითქოს „განათლების ჯგუფმა“ დაპირებული ინვესტიციები არ განახორციელა სკოლაში. “განათლების ჯგუფი” განმარტავს, რომ წილის შეძენის შემდგომ ჯგუფმა 27 მილიონი ლარის რეინვესტირება მოახდინა აკადემიაში და ეს თანხა მის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, დამატებითი ინვესტიციების განხორციელება სწორედ ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის არაეფექტური მართვის გამო შეფერხდა. ამას ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წილის გაყიდვის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ფაქტი, როდესაც პარტნიორთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდა „განათლების ჯგუფის“ მხრიდან ინვესტირების შეფერხების გამო.

ასევე, ფაქტია, რომ ყველა სამართლებრივი დავა, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო, რომელიც ნათია ჯანაშიამ და დავით ცეცხლაძემ წამოიწყეს, მათ საწინააღმდეგოდ დასრულდა.

მეტიც, „განათლების ჯგუფს“ თავად აქვს არაერთი სერიოზული ბრალდება ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მიმართ, მათ შორის, მათი მხრიდან:
• თანამდებობის ბოროტად გამოყენების,
•⁠ ⁠თანხების არამართლზომიერად ხარჯვის,
•⁠ ⁠ფინანსური გაუმჭვირვალობის,
•⁠ ⁠პარტნიორთა შეთანხმების დარღვევის და სხვა მიმართულებებით;

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა სკოლის მოქმედი დირექტორის მიმართ. შესაბამისად, “საქართველოს განათლების ჯგუფი” აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების ბოლომდე დაცვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები