მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი გაზსადენით თურქეთიდან გაზს ნახიჩევანი მიიღებს

გაზსადენი

თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად აშენებული 97.5 კილომეტრიანი გაზსადენი, რომელიც აკავშირებს თურქეთის იღდირის პროვინციას და აზერბაიჯანის ნახიჩევანის ტერიტორიას, ექსპლუატაციაში კვირის ბოლომდე შევა.

აზერბაიჯანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მილსადენის დღიური გამტარუნარიანობა 2 მლნ მ³-ია, ხოლო წლიურად 730 მლნ მ³ გაზის გატარება შეუძლია

არასამთავრობო ორგანიზაციის World Experience for Georgia [WEG] შეფასებით, ნახიჩევანისთვის გაზის გატარება თურქეთში უნდა მოხდეს საქართველოს გავლით სამხრეთ კავკასიური მილსადენით, რაც დამატებით მოთხოვნას გააჩენს მის გატარების სიმძლავრეზე. ამან შეიძლება გააჩინოს მოთხოვნა, რომ საქართველომ მეტი გაზი მიიღოს რუსეთიდან და არა აზერბაიჯანიდან, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მილსადენები მაქსიმალურად არის დატვირთული.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურმან მარგველაშვილი BMG-ის ეუბნება, რომ ზუსტად იმის თქმა გაიზრდება თუ არა საქართველოზე გამავალი გაზსადენის დატვირთვა, რთულია.

"ახლა აზერბაიჯანს თურქეთისთვის მეტი გაზი ექნება მისაწოდებელი. გაზსადენის დატვირთვა მგონია, რომ მაქსიმუმზე უკვე არის მისული. მანდ ერთი შემზღუდავი ფაქტორია, აზერბაიჯანს ბევრი გაზი არ აქვს. ამიტომ შესაძლოა, გაზი ზედმეტი არ ჰქონდეს და ისე გადაანაწილოს ისევ ჩვენ დაგვაკლოს, ხოლო ჩვენ რუსეთისგან მოგვიწიოს ყიდვა ან აზერბაიჯანს მოუწიოს ჩვენთვის რუსეთიდან ყიდვა", - ამბობს მარგველაშვილი.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შარშან საქართველოში 2.4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა. ეს 2023 წლის მაჩვენებელს 100 მლნ მ³-ით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება.

აზერბაიჯანური მხარის სტატისტიკით, 12.9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპას, 9.9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი კი თურქეთს მიაწოდეს. 2023 წელთან შედარებით გაზის ექსპორტის მოცულობა თითქმის 6%-ით არის გაზრდილი. 2023 წელთან შედარებით ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 1 მილიარდი მ3-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები