ყაზბეგში მდებარე სამაშველო ქოხის „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით რეგიონში ტურისტული სეზონი გახანგრძლივდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ გააჟღერა.
„მიზანი იყო, რომ დაგვეწესებინა ისეთი ხარისხობრივი თამასა და ფილოსოფია, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ გავაკეთოთ და შემდეგ სხვებმა უკეთესი გააკეთონ. ამ მიდგომამ გაამართლა“, - აღნიშნავს ალავიძე.
"ალტიჰატის" დამფუძნებლის თქმით, პირველივე ნაბიჯები რეგიონისთვის მამოტივირებელი იყო: „ჩვენი ქმედებით მთაში ტურისტული სეზონი გავზარდეთ. მანამდე, მხოლოდ კონკრეტული პერიოდები იყო, როცა ტურისტები მიდიოდნენ, ახლა კი სეზონი გახანგრძლივდა“, - ამბობს ალავიძე.
ქოხმა ხელი შეუწყო ასევე სპორტულ ღონისძიებებს. ნიკოლოზ ალავიძე ამბობს, რომ კომპანია “თრეველერთან” პარტნიორობით, ფესტივალი და ჩემპიონატი “სქიტიური” ჩაატარეს: “ალპური სრიალი მაღალი შემოსავლიანი სეგმენტია და ზამთარში, როცა სხვა აქტივობები შეზღუდულია, ჩვენი ინიციატივით "მკვდარი სეზონი" გაცოცხლდა“, - განმარტავს მან.
ნიკოლოზ ალავიძის თქმით, საერთაშორისო დონის მწვრთნელები და გამყოლები ადგილზე ქართველ პროფესიონალებს აძლევენ შესაძლებლობას, მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილება მიიღონ, რაც ბაზარზე მათზე მოთხოვნას ზრდის.




























