მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალი ინვესტიციები არ შემოდის, რაც ცალსახად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს”

მაკალათია

2024 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 574.3 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. FDI-ს ეს მოცულობა, წინა წლის მეორე კვარტალს 10,3%-ით აღემატება. პირველი ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით კი პირიქით, ქვეყანაში ინვესტიციები 34%-ით შემცირდა. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში წლიურად 767,4 მილიონი დოლარით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე გასულ წელს. მეორე კვარტალშიც FDI არა ახალი ინვესტიციების, არამედ არსებულ კომპანიებში რეინვესტირების ხარჯზე გაიზარდა. მისი წილი მთლიან FDI-ში თითქმის 80%-ია.

“ცხადია, რეინვესტირება დადებითი მოვლენაა, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ არსებული კომპანიები აკეთებენ რეინვესტირებას და ახალი ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში, რაც ცალსახად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს”,-აცხადებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია.

მას წელს FDI-ს ზრდის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მისი შეფასებით, ზოგადად არჩევნების წინ, როცა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებებია მოსალოდნელი, ინვესტორები ყოველთვის თავს იკავებენ გადაწყვეტილებების მიღებისგან. შესაბამისად მოლოდინია, რომ კლება არამხოლოდ პირველ ნახევარში, მესამე კვარტალში გაცილებით მკვეთრი იქნება.

“წინა პერიოდებს თუ გადავხედავთ, წინასაარჩევნოდ გვაქვს მოცემულობა, როდესაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, შესაბამისად ინვესტორები თავს იკავებენ ინვესტიციებისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა რეალურად პოლიტიზებულია და რეალურად ეკონომიკურ ფუნდამენტზე არ დგას და მსხვილ ინვესტორებს მოლაპარაკებები უწევთ მთავრობასთან და არა კერძო სექტორთან, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ისინი პოლიტიკურ მოვლენებს აკვირდებიან. ელოდებიან და მოლოდინის რეჟიმში არიან გადასული. შესაბამისად გვაქვს მოლოდინის რეჟიმი და მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება.

ასევე მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკური მესიჯები მიდის საქართველოდან დასავლეთში, რაზედაც რეაგირებს დასავლელი ინვესტორები. როცა დემოკრატიის გზით არ მიდის ქვეყანა, ქვეყანას დასავლური კურსი არ უჭირავს, ცხადია მათი მისწრაფება საქართველოს მიმართ შენელებულია.

როცა ინვესტორი შემოდის, მას სურს დემოკრატიული პროცესები იყოს ქვეყანაში, მოწესრიგებული იყოს სასამართლო, დაცული იყოს კერძო საკუთრება... ამ პარამეტრებს თუ ის ვერ დაინახავს, ყველა შემთხვევაში თავს შეიკავებს ინვესტირებისგან”,-აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში მაკალათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები