მიმდინარე კვირაში, ამერიკული Apple-ის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, სახელწოდებით Let Loose გაიმართა, რომელზედაც ამერიკულმა გიგანტმა ახალი თაობის პლანშეტები და მოწყობილობები წარმოადგინა. გამომდინარე იქიდან, რომ iPad-ების ბოლო განახლებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ტექნოლოგიური ენთუზიასტები პლანშეტების პრეზენტაციას დიდი მოლოდინებით შეხვდნენ.
რა სიახლეები წარმოადგინა ტიმ კუკის გუნდმა ღონისძიებაზე? Apple-ის მიერ წარმოდგენილ მთავარ სიახლეებს ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი.
ახალი თაობის iPad Air
მთავარი სიახლე, რომელიც ამერიკულმა გიგანტმა ღონისძიებაზე წარმოადგინა, ახალი თაობის iPad Air-ია, რომელიც ამიერიდან, ორი ზომით გამოვა. საუბარია 11-ინჩიან და 13-ინჩიან iPad Air-ებზე, რომლებიც M2-პროცესორით არის აღჭურვილი. ამასთან, ახალი თაობის iPad Air-ში ორი 12-მეგაპიქსელიანი კამერაც გამოჩნდა, რომლებიც პლანშეტის წინა და უკანა მხარეს მდებარეობს და რაც ყველაზე საინტერესოა, Apple-ის ისტორიაში პირველად, წინა კამერა, პლანშეტის გრძელი კიდის ცენტრში განთავსდა.
ამიერიდან, iPad Air-ის მომხმარებლები Apple Pencil-ის დამატებითი ფუნქციონალის გამოყენებასაც შეძლებენ, რომელიც, ამ დრომდე, მხოლოდ ფლაგმანური პლანშეტებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანი სიახლე არის ისიც, რომ iPad Air-ის საბაზისო მეხსიერება 128 გიგაბაიტამდე გაიზარდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე წინა თაობის პლანშეტებში.
უახლესი iPad Air-ი ოთხ ფერში არის ხელმისაწვდომი, მათ შორისაა ღია ცისფერი, ღია იასამნისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი. iPad Air-ის 11-ინჩიანი მოდელის საწყისი ფასი $599-ია, როცა 13-ინჩიანი მოდელის ფასები $799-დან იწყება, ხოლო მეხსიერების მოცულობის მიხედვით ხელმისაწვდომია, როგორც 128-გიგაბაიტიანი, ასევე 512-გიგაბაიტიანი და 1-ტერაბაიტიანი მოდელები. iPad Air-ის ორივე მოდელის შეძენა Apple-ის ვებგვერდიდან უკვე შესაძლებელია.
ახალი თაობის iPad Pro
მიმდინარე წელს, Apple-მა ფლაგმანური პლანშეტი, iPad Pro-ც განაახლა, რომელიც ამიერიდან, OLED-დისპლეით იქნება აღჭურვილი. მეტად კაშკაშა და ღრმა ფერების მქონე ეკრანთან ერთად, შემცირდა თავად მოწყობილობის სისქე, რომელიც 11-ინჩიანი მოდელის შემთხვევაში 5.3 მილიმეტრამდე შემცირდა, 13-ინჩიანი მოდელის შემთხვევაში კი, 5.1 მილიმეტრით განისაზღვრა, ანუ 2024 წლის iPad Pro ყველაზე თხელი მოწყობილობა გახდა, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია.
თუმცა დიზაინთან ერთად, მთავარი ცვლილება iPad Pro-მ შიგნიდან განიცადა, რადგან ტიმ კუკის გუნდმა ამ პლანშეტში უახლესი M4-პროცესორი ჩააშენა, რომელიც 50%-ით უფრო მძლავრია, ვიდრე M2-პროცესორი, რომელსაც წლევანდელ iPad Air-ში და წინა თაობის iPad Pro-ში ვხვდებით. ამასთან, ახალი პროცესორი მის წინამორბედთან შედარებით ორჯერ უფრო ენერგოეფექტიანიც არის.
უახლესი iPad Pro ორ ფერში არის ხელმისაწვდომი, მათ შორისაა ნაცრისფერი და შავი. iPad Pro-ს 11-ინჩიანი მოდელის საწყისი ფასი $999-ია, როცა 13-ინჩიანი მოდელის ფასები $1,299-დან იწყება, ხოლო მეხსიერების მოცულობის მიხედვით ხელმისაწვდომია, როგორც 256-გიგაბაიტიანი, ასევე 512-გიგაბაიტიანი, 1-ტერაბაიტიანი და 2-ტერაბაიტიანი მოდელები. iPad Pro-ს ორივე მოდელის შეძენა Apple-ის ვებგვერდიდან უკვე შესაძლებელია.
M4-პროცესორი
ახალი თაობის iPad-ებთან ერთად, ამერიკულმა გიგანტმა უახლესი M4-პროცესორიც წარმოადგინა, რომელიც ყველაზე მძლავრი პროცესორია, რომელიც Apple-ს ოდესმე შეუქმნია. ის 3-ნანომეტრიან არქიტექტურას ეფუძნება და წამში 38 ტრილიონი ოპერაციის შესრულება შეუძლია. ამასთან, ახალი პროცესორი ნეირონული ძრავითაც არის აღჭურვილი, რომელიც ამ ჩიპს, როგორც Apple-ში ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციების შესასრულებლად “წარმოუდგენლად მძლავრ პროცესორად” აქცევს. აღნიშნული პროცესორი 6-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე Apple-ის მიერ 2017 წელს წარმოდგენილი A11-პროცესორი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩამორჩება Snapdragon-ის მიერ წარმოებულ X Elite’s 45 TOPS-ს, რომელსაც Microsoft-ის ფლაგმანურ მოწყობილობებში ვხვდებით.
უახლესი Apple Pencil Pro და განახლებული Magic Keyboard
Apple-ის პლანშეტებს, როგორც წესი, შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები იყენებენ, რომლებიც უშუალოდ პლანშეტთან ერთად, მის რამდენიმე აქსესუარსაც ყიდულობენ, მათ შორის ჭკვიან ფანქარს. წელს, Apple-მა ეს აქსესუარიც განაახლა. თუკი შარშან, Apple-მა ბიუჯეტური ჭკვიან ფანქარი წარმოადგინა, წელს, კომპანიის პროდუქტების ჩამონათვალში ფლაგმანური მოდელი, Apple Pencil Pro გამოჩნდა, რომელიც წინა თაობების ჭკვიან ფანქარზე უფრო გონიერი და, რაც მთავარია, მეტად ჰაპტიკურია. ამასთან, Apple Pencil Pro-ს შემთხვევაში Find My-ის ფუნქციონალი გააქტიურდა, ანუ ადამიანებს დაკარგული სტილუსების პოვნის საშუალება ექნებათ. თუმცა ერთი ნაკლი, რომელიც ამ მოწყობილობას აქვს ისაა, რომ მისი გამოყენება მხოლოდ 2024 წლის უახლეს iPad-ებთან შეიძლება.
ჭკვიან ფანქართან, ანუ სტილუსთან ერთად, iPad-ის მომხმარებლები ხშირად იყენებენ დამატებით კლავიატურასაც, რომელიც განახლდა და როგორც Apple-ში ამბობენ, მომხმარებელს ის ისეთივე შეგრძნებას ანიჭებს, როგორც MacBook-ში ჩაშენებული კლავიატურა. ახალი Magic Keyboard-ი, როგორც ჩანს, მხოლოდ iPad Pro-სთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის ორი ზომის იქნება, iPad-ის ზომების შესაბამისად. ამიერიდან, ამ Magic Keyboard-ის კარკასი პლასტმასის ნაცვლად ალუმინისგან იქნება წარმოებული, ხოლო თავად კლავიატურაზე უფრო დიდი სენსორული პანელი გამოჩნდა, რომელიც სტილუსის მსგავსად, მეტად ჰაპტიკური გახდა. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ახალი თაობის კლავიატურას ფუნქციური ღილაკების წყებაც დაემატა, რომელიც პირველად 2022 წელს, Magic Keyboard Folio-ში გამოჩნდა. ახალი კლავიატურა ორ ფერში - ვერცხლისფერსა და შავში არის ხელმისაწვდომი.
უახლესი Apple Pencil Pro და Magic Keyboard-ის გაყიდვა Apple-მა საკუთარ ვებგვერდზე უკვე დაიწყო. Apple Pencil Pro $129 ღირს, როცა კლავიატურის ფასი $299-ად და $349-ად განისაზღვრა, კლავიატურის ზომის შესაბამისად.