მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიმ კუკმა Apple-ის თითქმის $64 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა

Apple Inteligence

Apple-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ტიმ კუკმა კომპანიის თითქმის 64 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა - ამის შესახებ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილ დოკუმენტშია ნათქვამი.

დოკუმენტაციის თანახმად, კუკმა თვის დასაწყისში ჯამში 191 753 აქცია გაასხვისა, სადაც ერთი აქციის ფასი 331.44-დან 333.94 დოლარამდე მერყეობდა. განხორციელებული ტრანზაქციების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 63.85 მილიონი დოლარი შეადგინა.

აქციები მას შემდეგ გაიყიდა, რაც ერთი დღით ადრე კუკის მფლობელობაში არსებული 374 541 პირობითი სააქციო ერთეული (RSU) გააქტიურდა და კომპანიის აქციებად გარდაიქმნა. Apple-მა დაახლოებით 65.75 მილიონ დოლარად შეფასებული 199 038 აქცია საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად დაიტოვა.

კუკის მიერ აქციების გაყიდვა წინასწარ დამტკიცებული სავაჭრო გეგმის საფუძველზე დაიგეგმა. ეს მექანიზმი კომპანიის მესვეურებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვრული პირობებით დაგეგმონ აქციების სამომავლო გაყიდვა, რათა კონკრეტული ტრანზაქციის მომენტში არსებულ შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება გამოირიცხოს.

შესაბამისად, დოკუმენტი არ მიუთითებს იმაზე, რომ კუკმა Apple-ში საკუთარი წილის შემცირების სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო.

განხორციელებული ტრანზაქციების შემდეგ, კუკი კვლავ პირადად ფლობს Apple-ის 3.2 მილიონზე მეტ აქციას.

ტიმ კუკმა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოსტი მიმდინარე წლის დასაწყისში, კომპანიის თითქმის 15-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დატოვა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა კი ჯონ ტერნუსმა დაიკავა.

კუკი Apple-ს 1998 წელს შეუერთდა, აღმასრულებელი დირექტორი კი 2011 წლის აგვისტოში, სტივ ჯობსის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში Apple-მა პროდუქციის ახალი კატეგორიები აითვისა, მათ შორის Apple Watch-ი და AirPods-ი, გააფართოვა სერვისების ბიზნესი და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები